ახალი ამბები

ცხინვალის გამო თბილისი და მოსკოვი ერთმანეთს ბრალდებებს უყენებს

თბილისის მიერ ძალის დემონსტრირებას ჰუმანიტარული ინიციატივები მოსდევს 








ქართული პოლიცია თვითგამოცხადებული
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე
გამვლელებს საბუთებს უმოწმებს
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ 31 მაისს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში დამატებითი ჯარების შეყვანას, თბილისისა და მოსკოვის მხრიდან ერთმანეთის მისამართით გააკეთებული საკმაოდ მწვავე განცხადებები მოჰყვა. 
 
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 1 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში გააფრთხილა თბილისი, რომ მისმა „პროვოკაციულმა ნაბიჯებმა შესაძლოა უკიდურესად ნეგატიური შედეგები გამოიწვიოს“. მოსკოვის განცხადებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იქნება პასუხისმგებელი სიტუაციის გაუარესებასა და „სისხლისღვრაზე“  რეგიონში.
 
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოსკოვის შეშფოთება კონფლიქტის ზონაში ქართული ჯარების შეყვანამ გამოიწვია, რაც ქართულმა მხარემ ქართული პოლიციის საგუშაგოების დაცვის მოტივით ახსნა. როგორც ცნობილია, ეს საგუშაგოები სპეციალურად შეიქმნა რეგიონში კონტრაბანდასთან ბრძოლის მიზნით.
 
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ დაგმო რუსეთის პოზიცია სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და 2 ივნისს განაცხადა, რომ „საუბარია საქართველოს ტერიტორიაზე და ვერავინ ვერ შეუშლის ხელს საქართველოს ხელისუფლებას დაამყაროს წესრიგი და აღკვეთოს კონტრაბანდა“.
 
პრეზიდენტ სააკაშვილის მეუღლის სანდრა რულოვსის ვიზიტმა თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში, რომელიც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ რეგიონში არ შეუშვა, კიდევ უფრო გაამწვავა დაძაბულობა.
 
საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში, კერძოდ კი სოფელ თამარაშენში, ადგილობრივ ქართულ მოსახლეობასთან და ბავშვებთან შეხვედრას გეგმავდა. სოფლისკენ მიმავალი გზა იმ ტერიტორიაზე გადის, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლდება. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის მეუღლის კორტეჟი რეგიონში არ შეუშვეს, სანდრა რულოვს მოუწია ვერტმფრენით ჩასულიყო თამარაშენში, სადაც მან მცირე მასშტაბის საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.
 
“აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ სანდრა რულოვსი, რომელიც რეგიონში ჰუმანიტარული მისიით ჩაიდოდა, არ შეუშვეს სამხრეთ ოსეთის [თვითგამოცხადებული რესპუბლიკის] ტერიტორიაზე. საქართველოს ხელისუფლება ომის დაწყებას არ აპირებს, თუმცა, როგორც ჩანს, ცხინვალის ხელმძღვანელობას თბილისიდან ინიცირებული ამგვარი ჰუმანიტარული ინიციატივების უფრო ეშინია“, განაცხადა ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
 
პრეზიდენტმა სააკაშვილმა უკვე შესთავაზა ოს მოსახლეობას სოციალური პირობების გაუმჯობესება, მათ შორის პენსიების დარიგება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა ცხინვალსა და დანარჩენ საქართველოს შორის, ჰუმანიტარული დახმარება, მათ შორის აგრარული დანიშნულების სასუქების დარიგება და საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის ფარგლებში ოსურ ენაზე  საინფორმაციო სამსახურის დაარსება. 
 
თუმცა, ამ ჰუმანიტარულ ინიციატივებთან ერთად, საქართველოს მთავრობამ 31 მაისს ძალის დემონსტრირებაც მოახდინა, როცა 300-კაციანი შეიარაღებული ქართული შენაერთი რეგიონში გაგზავნა პოლიციის საგუშაგოების დაცვის მოტივით. მიუხედავად იმისა, რომ ჯარები მალევე იქნა გამოყვანილი კონფლიქტის ზონიდან, ამან მაინც გამოიწვია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების შეშფოთება.
 
ყველა ეს ღონისძიება, მათ შორის ჰუმანიტარული ინიციატივებიც, განხილულ იქნა როგორც საქართველოს ხელისუფლების მცდელობა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. მაისის დასაწყისში აჭარაში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის აღდგენამ იმპულსი მისცა სააკაშვილის მთავრობას შემდგომი ნაბიჯები გადაედგა ქვეყნის გაერთიანებისკენ. 
 
საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტრაბანდის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებიც ამ კამპანიის ნაწილად არის მიჩნეული. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკისა და მისი მიმდებარე ტერიტორიები ცნობილია, როგორც რუსეთიდან შემოსული კონტრაბანდული საქონლით ვაჭრობის ზონა. 
 
“ეს [კონტრაბანდა] სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების შემოსავლის ერთ-ერთ მთავარ წყაროს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ შეაშფოთა ისინი ქართული საგუშაგოების შექმნამ რეგიონში და ანტი-კონტრაბანდული ღონისძიებების განხორციელებამ ჩვენს მიერ“, განაცხადა სააკაშვილმა 31 მაისს გამართულ ბრიფინგზე.
 
“კონტრაბანდული გზების ჩაკეტვამ, რომელიც ერთნაირად აზარალებს, როგორც ოს, ისე ქართველ მოსახლეობას, შემოსავლის წყაროები გადაუკეტა დაინტერესებულ ჯგუფებს და საქართველოს ხელისუფლების ქმედებებზე მწვავე რეაქციები სწორედ ამით აიხსნება”, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ  ნინო ბურჯანაძემ 2 ივნისს გამართულ ბრიფინგზე.
 

მსგავსი/Related

Back to top button