ახალი ამბები

სააკაშვილი ცხინვალს შემრიგებლურ პოლიტიკას სთავაზობს







თბილისი ცხინვალს სთავაზობს:
• სარკინიგზი მიმოსვლის აღდგენას
• პენსიების გაცემას
• სასუქის უფასოდ დარიგებას
• უფასო სასწრაფო სამედიცინო დახმარებას
• ოსურ ენაზე სატელევიზიო გადაცემებს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 31 მაისს გამართულ ბრიფინგზე სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მცხოვრებ მოსახლეობას მთელი რიგი სოციალური პრივილეგიები შესთავაზა, რაც რეგიონთან შერიგებას ისახავს მიზნად.
 
პრეზიდენტის განცხადებით, ქართულმა მხარემ უკვე გამოიყვანა დამატებითი ჯარები კონფლიქტის ზონიდან, მას შემდეგ, რაც მიიღო გარანტიები, რომ ცხინვალიდან სულ რამდენიმე კილომეტრის დაშორებით განლაგებული ქართული სოფლის მახლობლად განთავსებული პოლიციის საგუშაგოს წინააღმდეგ ძალა არ იქნებოდა გამოყენებული. დამატებითი ძალები 31 მაისს ფაქტიურად მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ კონფლიქტის ზონაში.
 
ორშაბათ საღამოს საქართველოს ტელევიზიის პირდაპირ ეთერში პრეზიდენტმა სააკაშვილმა ისაუბრა საქართველოს მთავრობის წინადადებაზე, რომელიც სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებისკენ იქნება მიმართული.
 
სააკაშვილის წინადადებით, მოხდება სარკინიგზო მიმოსვლის აღდგება ცხინვალსა  და დანარჩენ საქართველოს შორის, ასევე თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მოსახლეობისთვის პენსიების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დარიგება, ახალი სატელევიზიო გადაცემების გამოშვება ოსურ ენაზე, უფასო სასწრაფო დახმარების შემოღება ცხინვალის მოსახლეობისათვის და სასოფლო-სამეურნეო სასუქების დარიგება.
 
„ჩვენ კონკრეტული წინადადებები გვაქვს. ჩვენ შეგვიძლია აღვადგინოთ სარკინიგზო მიმოსვლა ცხინვალთან ერთი კვირის ვადაში. ამას სასიცოცხლო მნიშვნელობა ექნება არა მარტო ადგილობრივი მოსახლეობისათვის, არამედ დანარჩენი საქართველოსთვისაც“, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.
 
მისი თქმით, მოცემული წინადადებების თანახმად, ივნისის თვიდან რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა პენსიებს საქართველოს ბიუჯეტიდან მიიღებს. „სამხრეთ ოსეთში მცხოვრებნი საქართველოს მოქალაქეები არიან და ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მათზე. მე უკვე გავეცი ბრძანება, რომ დაიწყოს პენსიების გაცემა რეგიონის, როგორც ოს, ასევე ქართველ მოსახლეობაზე“,დასძინა სააკაშვილმა.
 
მან ასევე დააყენა წინადადება უფასო სასწრაფო დახმარების შემოღების თაობაზე „ცხინვალში და ეთნიკური ქართველებით დასახლებულ სოფლებში… ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება“, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
 
„ჩვენ ასევე უნდა მოვამარაგოთ ადგილობრივი [ოსური და ქართული] მოსახლეობა უფასო სასუქებით, როგორც ეს საქართველოს სხვა რეგიონებში ხდება“, აღნიშნა სააკაშვილმა.
 
მისი თქმით, უახლოეს დღეებში გორის ადგილობრივი ტელევიზია დაიწყებს ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისათვის ოსურ ენაზე ახალი პროგრამების ტრანსლირებას.
 
“მოგვიანებით ჩვენ საქართველოს პირველ არხზე შესაძლოა დავაფუძნოთ საინფორმაციო გადაცემა ოსურ ენაზე. ამგვარად, ჩვენ თანამემამულეებს ოსეთში ექნებათ საშუალება საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაცია თავიანთ ენაზე მიიღონ“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ 1992 წლის კონფლიქტის შედეგად, როგორც ქართული, ასევე ოსი მოსახლეობა დაზარალდა. „ძალიან კარგად მახსოვს კეხვის ტრაგედია, როდესაც ათობით ოსი მოქალაქე სასტიკად აწამეს და მოკლეს. გენერალურ პროკურორს [ირაკლი ოქრუაშვილს]  ნაბრძანები აქვს ამ ტრაგედიის გამოძიება. ყველა, ვინც ამ ინციდენტის უკან დგას, უნდა დაისაჯოს“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 
მისი თქმით, თბილისი მხოლოდ მშვიდობიანი გზით აღადგენს კონტროლს სამხრეთ ოსეთზე. „რეგიონის პოლიტიკური სტატუსი მოლაპარაკებების საგანი უნდა გახდეს“, აღნიშნა სააკაშვილმა.
 
პრეზიდენტმა ასევე გააკეთა კომენტარი 31 მაისს საქართველოს შინაგანი ჯარის დამატებითი ნაწილების კონფლიქტის ზონაში გაგზავნის თაობაზე. ამ ნაბიჯმა სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის და რუსეთის ხელისუფლების შეშფოთება გამოიწვია.
 
სამხრეთ ოსეთის მხარე ქართული ჯარების კონფლიქტის ზონაში განლაგებას „წმინდა წყლის პროვოკაციას“ უწოდებს. რუსეთმა ასევე დაგმო ქართული მხარის ქმედება. 31 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ამგვარი ქმედებები არ უწყობს ხელს რუსულ-ქართული ურთიერთობების განვითარებას და საქართველოში კონფლიქტების მოგვარებას“.
 
თუმცა, საქართველოს ხელისუფლება კონფლიქტის ზონაში დამატებითი ჯარების გაგზავნის პროვოცირებაში რუსეთის სამშვიდობო ჯარების მეთაურს ადანაშაულებს.
 
31 მაისს ქართული შინაგანი ჯარის 300-კაციანი შენაერთი სოფელ ტყვიავში განთავსებული საგუშაგოს დასაცავად გაიგზავნა. ეს სოფელი, რომელიც ცხინვალიდან სულ რაღაც 10 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლს ექვემდებარება. ტყვიავში დაახლოებით ხუთსაათიანი დისლოცირების შემდეგ, ჯარებმა რეგიონი დატოვეს.
 
სააკაშვილის განცხადებით, გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო ძალების მეთაურმა სვიატოსლავ ნაბდზოროვმა საგუშაგოს გაუქმება მოითხოვა და ამისათვის ძალის გამოყენებითაც დაიმუქრა.
 
“საგუშაგოს შექმნის მიზანი კონტრაბანდასთან ბრძოლა იყო. კონტრაბანდა ყვავის სამხრეთ ოსეთში და რეგიონის მიმდებარე ტერიტორიებზე. ადგილობრივი ხელისუფლება, ისევე როგორც ბევრი ქართველი  სამართალდამცავი ხელს ითბობენ ამ ბიზნესიდან“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, 31 მაისს მას სატელეფონო საუბარი ჰქონდა თავის რუს კოლეგასთან ვლადიმერ პუტინთან, რომლის დროსაც მხარეებმა კონფლიქტის ზონაში განვითარებული მოვლენები განიხილეს.
 
„ჩვენ რუსეთთან საკმაოდ თბილი ურთიერთობები დავამყარეთ ამ ბოლო დროს. ოსეთთან შექმნილ პრობლემაში მხოლოდ რუსეთის სამშვიდობო ძალების მეთაური სვიატოსლავ ნაბდზოროვია დამნაშავე“, განაცხადა სააკაშვილმა 31 მაისს გამართულ ბრიფინგზე.
 
მიუხედავად დამატებითი ჯარების გამოყვანისა კონფლიქტის ზონიდან, ქართული ძალები რეგიონში რჩება. ამას გარდა, საქართველოს ხელისუფლება სამშვიდობოების დამატებითი კონტიგენტის გაგზავნას აპირებს კონფლიქტის ზონაში.
 
პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, ქართული მხარე 500 ჯარისკაცამდე გაზრდის სამშვიდობოების კონტინგენტს სამხრეთ ოსეთში, რითაც ქართული ქვოტა მთლიანად შეივსება. ამ დრომდე რეგიონში მხოლოდ 100 ქართველი სამშვიდობო იმყოფებოდა, არადა არსებული შეთანხმების მიხედვით, ქართულ, ოსურ და რუსულ მხარეებს უფლება აქვთ თითოეულმა 500-კაციანი სამშვიდობო კონტინგენტი იყოლიოს კონფლიქტის ზონაში.
 

მსგავსი/Related

Back to top button