ახალი ამბები

ეკონომიკის მინისტრად რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი კახა ბენდუქიძე დაინიშნება







კახა ბენდუქიძე მონაწილეობდა თბილისში
გამართულ ქართულ-რუსულ ეკონომიკურ
ფორუმში 28-29 მაისს,

ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე რუსეთში მოღვაწე გავლენიანი ქართველი ბიზნესმენი კახა ბენდუქიძე დაინიშნება. ამის შესახებ განცხადება დღეს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.


“კახა ბენდუქიძე გამორჩეულია კარგი რეპუტაციით. ჩვენ იგი ნოვატორული შეხედულებების გამო მოვიწვიეთ, რადგან ჩვენი მიზანია ქართული ეკონომიკა იყოს განვითარებადი. ამაში სწორედ კახა ბენდუქიძეს გამოცდილება დაგვეხმარება“, განაცხადა ზურაბ ჟვანიამ.


მისი ინფორმაციით, კახა ბენდუქიძე ამჟამად აქტიური ბიზნესით დაკავებული უკვე აღარ არის, რადგან მან რუსეთის “გაერთიანებული მძიმე მანქანათმშენებლობის” საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტი, რომელიც წლების განმავლობაში ეკავა, უკვე დატოვა.


48 წლის კახა ბენდუქიძეს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მინიჭებული აქვს ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. 1990 წლიდან იგი რუსეთში კერძო ბიზნესის სექტორში მოღვაწეობდა.


კახა ბენდუქიძის ეკონომიკის მინისტრად დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება ხელისუფლებამ ორი დღის წინ მიიღო, თუმცა ოფიციალურად ამის შესახებ დღეს გახდა ცნობილი. ეკონომიკის ახალ მინისტრთან შეთანხმება მისი თბილისში ვიზიტისას შედგა, როცა იგი  28-29 მაისს გამართულ ქართულ-რუსულ ეკონომიკურ ფორუმში იღებდა მონაწილეობას.


ზურაბ ჟვანიას განცხადებით, კახა ბენდუქიძე, რომელიც ჯერ-ჯერობით რუსეთის მოქალაქეა, თბილისში ორ დღეში ჩამოვა. “მის მოქალაქეობასთან დაკაშირებით პრობლემა არ იქნება, რადგან ეს საკითხი  უმოკლეს დროში მოგვარდება”, განაცხადა ზურაბ ჟვანიამ.


კახა ბენდუქიძე სხვა ქვეყნის მოქალაქე მეორე მინისტრი იქნება საქართველოს მთავრობაში. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს წარმოშობით ქართველ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც საფრანგეთის მოქალაქეცაა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა საქართველოს მოქალქეობა მიანიჭა.

მისივე თქმით, მთავრობაში კიდევ იგეგმება საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები და ამის შესახებ განცხადება ორ-სამ დღეში გაკეთდება.


რაც შეეხება ეკონომიკის უკვე ყოფილ მინისტრს ირაკლი რეხვიაშვილს, ზურაბ ჟვანია მისი მუშაობით კმაყოფილია და აცხადებს, რომ ირაკლი რეხვიაშვილი მუშაობას გააგრძელებს კანცელარიაში, სადაც იგი სპეციალურ განყოფილებას უხელმძღვანელებს, რომელიც კურირებას გაუწევს სხვადასხვა სფეროში მიმდინარე რეფორმებს.


ირაკლი რეხვიაშვილი ეკონომიკის მინისტრად იანვარში, ჯერ კიდევ მინისტრთა კაბინეტის ფორმირებამდე, დაინიშნა.  მანამდე იგი  ბუდაპეშტში “სოროსის ფონდში” მუშაობდა. 

მსგავსი/Related

Back to top button