ახალი ამბები

აჭარა ხელისუფლებას ეკონომიკური განვითარების იმედს მატებს








ბათუმის პორტი აბაშიძის შემოსავლის ერთ-ერთი
წყარო იყო. 

საქართველოს მთავრობა იმედოვნებს, რომ აჭარის ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მოქცევა, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.

“ჩოლოქის სამარცხვინო საზღვრის მოშლის შედეგად საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი მკვეთრად გაიზარდა” – აცხადებს პრემიერ მინიტრი ზურაბ ჟვანია.

აჭარაზე, რომელიც აბაშიძის ცამეტწლიანი მმართველობის დროს პრაქტიკულად მოწყვეტილი იყო ქვეყნის ეკონომიკურ სივრცეს, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 10% მოდის, რაც ჯამში 900 მილიონ ლარს შეადგენს.

აჭარა, ბათუმის პორტისა და სარფის საბაჟოს შემოსავლების გათვალისწინებით საქართველოსთვის ეკონომიკურად სტრატეგიულ რეგიონს წარმოადგენს.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით 2004 წელს ქვეყნის მშპ-ის ზრდა დაახლოებით 6%-ით არის გათვალისწინებული.

“მაგრამ გარწმუნებთ აჭარაში განვითარებული მოვლენების შემდეგ ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება,” – აცხადებს ეკონომიკის მინისტრი ირაკლი რეხვიაშვილი.

მოსალოდნელია, რომ აბაშიძის რეჟიმის მარცხი ცენტრსა და რეგიონს შორის მრავალწლიან საბიუჯეტო და საგადასახადო დაპირისპირებასაც მოუღებს ბოლოს. თბილისსა და ბათუმს შორის მუდმივად არსებობდა დავა აჭარიდან ცენტრალურ ბიუჯეტში გადმოურიცხავი თანხების გამო.


თუმცა ოფიციალური პირები დაზუსტებით ვერ ასახელებენ იმ თანხას, რომელიც წლების განმავლობაში ცენტრალურმა ბიუჯეტმა იზარალა, იმის გამო, რომ აბაშიძის რეჟიმი უარს აცხადებდა გადასახადების გადარიცხვაზე.


“აბაშიძის  მმართველობის დროს იყო სრულიად არაგამჭვირვალე ეკონომიკური გარემო,” განუცხადა “სივილ ჯორჯიას” ნათია თურნავამ, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.


ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა ფინანსურმა პოლიციამ, რომელიც ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაზეა პასუხისმგებელი, უკვე დაიწყო აჭარის საგადასახადო დეპარტამენტის შემოწმება.


ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ამჟამად პარლამენტის საფინანსო და საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლადო პაპავა აცხადებს, რომ აჭარის ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის ქვეშ დაბრუნებას ეკონომიკაზე დადებითი “ირიბი ეფექტი” უფრო დიდი ექნება ვიდრე უბრალოდ გადასახადების გადმორიცხვაა.


“ამ პრობლემის მოგვარებით, ექსპერტული შეფასებებით პირდაპირი ეფექტი ბიუჯეტზე დაახლოებით 70 მილიონი ლარი იქნება, თუმცა ირიბი ეფექტები ბევრად უფრო სერიოზულია მოსალოდნელი, რადგანაც მთლიანობაში ქვეყნის მიმართ ნდობა მაღლდება, რაც გრძელვადიან პერიოდში ინვესტიციების მოზიდვაში აისახება” – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” ლადო პაპავამ.


ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა აცხადებს, რომ აბაშიძის დროს რეგიონში ინვესტიციების განხორციელება ძალზედ რთული იყო.
 
“როცა აბაშიძის კლანის წარმომადგენლები წილში უჯდებოდნენ ინვესტორებს და ბუნებრივია, რომ რაც არ უნდა მიმზიდველი იყო ეკონომიკურად, ინვესტორი ასეთ პირობებში კაპიტალს არ დააბანდებს. იქ თუ რამე ხდებოდა, ეს იყო არა საინვესტიციო პროგრამები, არამედ გარიგებები” – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” ნათია თურნავამ.


პრემიერ მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ დაავალა ეკონომიკის სამინისტროს აჭარის ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალის შეფასება.


“ჩვენ უნდა მოვამზადოთ საინვესტიციო გარემო რეგიონში და ასევე მზად ვიყოთ პრივატიზაციის პროცესისთვის, რომელიც აჭარის მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით უნდა წარიმართოს,” – განაცხადა ზურაბ ჟვანიამ 7 მაისს მთავრობის სხდომაზე.


ამასობაში კი ხელისუფლება უკვე აპირებს აჭარის ხაზინის გამდიდრებას აბაშიძის მიერ დატოვებული ქონებით.


“აბაშიძის ქონება აჭარლებს გადაეცემათ. თუმცა მან თავისი ფულის დიდი ნაწილი გაიტანა,” – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 8 მაისს.


“აბაშიძის ქონება, მათ შორის ძვირადღირებული ავტომობილები აუქციონზე გაიყიდება,” – განმარტა გენერალურმა პროკურორმა ირაკლი ოქრუაშვილმა.

მსგავსი/Related

Back to top button