ახალი ამბები

სააკაშვილი აბაშიძეს უკანასკნელ შანსს აძლევს







სააკაშვილი აბაშიძეს ბოლო გაფრთხილებას აძლევს.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2 მაისს მოსთხოვა  აჭარის ლიდერს ასლან აბაშიძეს უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების 10 დღის ვადაში განიარაღება;  წინააღმდეგ შემთხვევაში იგი აჭარის მთავრობისა და პარლამენტის დათხოვნით და რეგიონში ვადამდელი არჩევნების ჩატარებით დაიმუქრა.
 
მიხეილ სააკაშვილის ულტიმატუმს ასლანის აბაშიძის მიმართ წინ უძღოდა აჭარის ხელმძღვანელობის მიერ 2 მაისს ავტონომიასთან დამაკავშირებელი ორი ხიდის აფეთქება. ასლან აბაშიძის განცხადებით, ამგვარი ქმედება საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლო შეჭრისგან თავდაცვის მიზნით განხორციელდა. 
 
„სისულელე იყო ხიდების აფეთქება, რადგანაც ჯარების შეყვანა რომ გვინდოდეს აჭარაში, ამას ხიდების გარეშეც მოვახერხებთ“ – განაცხადა სააკაშვილმა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
 
„ეს იყო პროვოკაცია. აბაშიძეს სურს, რომ ჩვენ ძალა გამოვიყენოთ, მაგრამ ჩვენ არ წამოვეგებით ამ პროვოკაციაზე“ – დასძინა პრეზიდენტმა.
 
მისი თქმით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება „კიდევ ერთ და საბოლოო შანსს“ აძლევს აბაშიძეს, რათა დაემორჩილოს ცენტრალურ მთავრობას და „მოექცეს საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში.“


„წინააღმდეგ შემთხვევაში, მე დავითხოვ აჭარის ადგილობრივ მთავრობას და პარლამენტს და ვადამდელ არჩევნებს დავნიშნავ აჭარაში. მე ამის კონსტიტუციური უფლება მაქვს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.  მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, აბაშიძემ უნდა განაიარაღოს უკანონო შეიარაღებული ფორმირებები და ადამიანთა უფლებებისა და საქართველოს კონსტიტუციის დაცვა უზრუნველყოს რეგიონში.
 
13 აპრილს ასლან აბაშიძემ უკვე განაცხადა უარი შეიარაღებული დაჯგუფებების დაშლაზე, რამაც თბილისსა და ბათუმს შორის არსებული ისედაც დაძაბული ურთიერთობის ესკალაცია გამოიწვია. მან ასევე უარი განაცხადა 18 აპრილს აჭარის ორ ოლქში – ხულოსა და ქობულეთში განმეორებითი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე.
 
2 მაისს, დაახლოებიოთ 13 საათზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ბრძანებით, ააფეთქეს ადმინისტრციულ საზღვრებზე მდებარე ჩოლოქისა და ქაქუთის ხიდები. რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „იტარ-ტას“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ასლან აბაშიძემ განაცხადა, რომ ხიდების აფეთქება თავდაცვის მიზნით მოხდა.
 
„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების რამდენიმე შენაერთი, რომლებიც ფოთის სამხედრო წვრთნებში იღებდა მონაწილეობას ადმინისტრაციულ საზღვართან მხოლოდ 1 კილომეტრის დაშორებით დაბანაკდა“, – განაცხადა აბაშიძემ.
 
აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯემალ გოგიტიძემ ასევე განაცხადა, რომ ხიდების აფეთქება მიზნად ისახავდა თავდასხმის თავიდან აცილებას.
 
თუმცა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა აჭარის ხელმძღვანელობის ამ განცხადებას „სისულელე“ უწოდა. მისი თქმით, ხიდების აფეთქება მიზნად ისახავდა რეგიონიდან აჭარელი მოსახლეობის გადინების შეჩერებას. „აბაშიძე სულ უფრო მეტ თავის მოკავშირეს კარგავს“, – აღნიშნა სააკაშვილმა.
 
აბაშიძის ერთ-ერთი სამხედრო დაჯგუფების უფროსი ალექსანდრე დავითაძე 1 მაისს თბილისში ჩამოვიდა და პრეზიდენტ სააკაშვილს მხარდაჭერა აღუთქვა. იმავე დღეს, აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და ეკოლოგიური პოლიციის უფროსი ანზორ დუმბაძე ჩამოვიდა თბილისში.
 
პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, ხიდების აფეთქება აჭარის მოსახლეობის უმეტესობისთვის „ჰუმანიტარულ კატასტროფას“  გამოიწვევს. „ხიდების აფეთქება ნიშნავს, რომ აჭარის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი შიმშილის წინაშე დადგება. ეს ფაქტიურად ნიშნავს, რომ ზაფხულში აჭარაში ტურისტული სეზონი ჩაიშალა, რაც აჭარელი მოსახლეობის შემოსავლის მთავარ წყაროს წარმოადგენს“, – დასძინა მან.
 
არსებული ინფორმაციით, ასლან აბაშიძისადმი ლოიალურად განწყობილი ჯარები მზადყოფნაშია მოყვანილი. „ბათუმის ქუჩებში შეიარაღებული ჯგუფების პატრულირება ხორციელდება, შეიარაღებული დაჯგუფებები ასევე გადაიგზავდა ჩოლოქის გამშვებ პუნქტზე“, – განუცხადა ადგილობრივი გაზეთი „ბათუმელების“ ჟურნალისტმა ეთერ სულაძემ „სივილ ჯორჯიას“ 2 მაისს.

მსგავსი/Related

Back to top button