ახალი ამბები

გაერო უმნიშვნელო პროგრესს აღნიშნავს ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებში

გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი აპრილში უშიშროების საბჭოსადმი წარდგენილ მოხსენებაში აცხადებს, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების საკითხი ჯერ კიდევ ნელა მიმდინარეობს.


იანვარში გაკეთებულ მოხსენებაში კოფი ანანმა მოუწოდა აფხაზურ მხარეს გამოიყენონ  თბილისში არსებული ახალი პოლიტიკური კლიმატი და კონფლიქტის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყონ. 


„სამწუხაროდ, აფხაზური მხრიდან არ ყოფილა რაიმე მცდელობა პოლიტიკური საკითხების მოგვარებისა“, – განაცხადა გენერალურმა მდივანმა. მას მხედვლეობაში ჰქონდა უფლებამოსილებათა გამიჯვნის თაობაზე შემუშავებულ დოკუმენტზე აფხაზური მხარის მიერ უარის თქმა.


კოფი ანანის განცხადებით, გაეროს დამკვირვებელთა მისია საქართველოში განაგრძობს მუშაობას დევნილთა უსაფრთხო დაბრუნების საკითხებზე.


იგი მოუწოდებს აფხაზურ მხარეს შეუშვან დამკვირვებელთა მისიის სამოქალაქო პოლიციის წარმომადგენლები გალში, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხოების გაუმჯობესებას რეგიონში. მისი თქმით, ეს აუცილებელი პირობაა დევნილთა დაბრუნებისთვის.


გენერალური მდივანი ასევე შეშფოთებას გამოთქვამს გაეროს დამკვირვებელთა მისიის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების გამო და მოუწოდებს დამნაშავეთა დასჯისაკენ.

მსგავსი/Related

Back to top button