ახალი ამბები

ჟვანია: საქართველო მზად არის აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანად მოსაგვარებლად

პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ 29 აპრილს გაეროს უშიშროების საბჭოს განუცხადა, რომ საქართველოს ახალი ხელმძღვანელობის მთავარ მიზანს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა წარმოადგენს.


მან იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო საზოგადოება, და კერძოდ გაეროს უშიშროების საბჭო ახალ, ენერგიულ ნაბიჯებს გადადგამს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით.


ჟვანიამ ასევე აღნიშნა, რომ მაშინ როცა ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის გაუმჯობესდა, აფხაზეთის ხელისუფლება არ იღებს მონაწილეობას განხილვებში მისი პოლიტიკური სტატუსის დადგენის თაობაზე და დევნილთა დაბრუნებაზე.


სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც გაეროს გენერალური მდივნის მეგობარმა ქვეყნებმა მხარი დაუჭირეს დოკუმენტს, რომლის მთავარი მიზანი იყო მოლაპარაკებების ხელშეწყობა, აღნიშნა ჟვანიამ.


დოკუმენტი ითვალისწინებდა უფლებამოსილებათა გამიჯვნას თბილისსა და სოხუმს შორის, რაც აფხაზეთს ფართო ავტონომიის უფლებებს ანიჭებდა საქართველოს ფარგლებში.


ჟვანიას განცხადებით, რუსული მხარე ცდილობდა დოკუმენტი აფხაზური მხარისთვის წარედგინა, თუმცა უშედეგოდ.


თებერვალში აფხაზურმა მხარემ უარი განაცხადა დასწრებოდა დაგეგმილ შეხვედრას, ხოლო ორი დღის წინ მოსკოვის შეხვედრაზე, მიუხედავად საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჰეიდი ტალიავინის და ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის მცდელობისა, ასევე რუსული მხარის მონაწილეობისა, აფხაზური მხარე  „არაკონსტუქციული“ იყო.


შედეგად, მხარეებმა ვერ შეძლეს დევნილთა დაბრუნების მექანიზმების თაობაზე განზრახვათა წერილი მიეღოთ.


თავის ერთ-ერთ ბოლო მოხსენებაში კოფი ანანმა მოუწოდა აფხაზურ მხარეს გამოიყენონ  თბილისში არსებული ახალი პოლიტიკური კლიმატი და კონფლიქტის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყონ. 

მსგავსი/Related

Back to top button