ახალი ამბები

აბაშიძის უარი განაიარაღოს მომხრეები სიტუაციას ძაბავს

პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ აჭარის ლიდერთან ასლან აბაშიძესთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ ასლან აბაშიძემ „კონფრონტაციი გზა“ არჩია, რადგანაც მან უარი განაცხადა უკანონო შეიარაღებული დაჯგუგებების განიარაღებაზე. 

13 აპრილს ბათუმში გამართული ოთხსაათიანი მოლაპარაკებები ასლან აბაშიძესა და ზურაბ ჟვანიას შორის, რომელსაც ასევე ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ვანო მერაბიშვილი და ევროპის საბჭოს გენერალურლი მდივნის წარმომადგენელი საქართველოში პლამენ ნიკოლოვი ესწრებოდნენ, უშედეგოდ დასრულდა.
 
„არსებული სიტუაცია კიდევ უფრო ამწვავებს დაძაბულობას. ჩვენი მომავალი მოქმედების გეგმას თბილისში დაბრუნების შემდეგ განვიხილავთ“, – განუცხადა ზურაბ ჟვანიამ ჟურნალისტებს მოლაპარაკებების შემდეგ. 
 
„ასლან აბაშიძე მზად არ არის თავისი უკანონო ჯგუფები განაიარაღოს. იგი თვლის, რომ მას სჭირდება უკანონო შეიარაღებული ფორმირებები და უარს აცხადებს დიალოგზე“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა 13 აპრილს ბათუმში.
 
„თუ აჭარის ხელისუფლება არ დათანხმდება იარაღის ჩაბარებაზე, ხელისუფლება მიმართავს ყველა ზომას რათა არაკანონმორჩილი პირები დაუმორჩილოს კანონს”, – დასძინა მერაბიშვილმა.
 
„განიარაღების საკითხზე შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული. ეს პრობლემა მხოლოდ მაშინ მოგვარდება, როცა ქვეყანაში შესაბამისი პირობები შეიქმნება, ანუ როცა განიმუხტება დაძაბულობა თბილისსა და ბათუმს შორის“, – განაცხადა აჭარის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ როსტომ ჯაფარიძემ მოლაპარაკებების შემდეგ, რომელსაც თავადაც ესწრებოდა. 
 
გარდა განიარაღების საკითხისა, მხარეებს ცენტრსა და რეგიონს შორის საკონსტიტუციო უფლებამოსილების გამიჯვნის საკითხი უნდა განეხილათ, თუმცა, როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, „განიარაღების საკითხი მოლაპარაკებების ერთადერთ თემას წარმოადგენდა.“
 
პრეზიდენტი სააკაშვილი უკვე დაემუქრა აბაშიძეს უზენაესი საბჭოს დათხოვნით და ვადამდელი არჩევნების ჩატარებით, თუ იგი აჭარაში მოქმედ უკანონო შეიარაღებულ ჯგუფებს არ განაიარაღებდა.

საქართველოს კონსტიტუციის 73 მუხლის მიხედვით, პრეზიდენტი „პარლამენტის თანხმობით უფლებამოსილია შეაჩეროს თვითმმართველობის ან ტერიტორიული ერთეულების სხვა წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობა, ან დაითხოვოს ისინი, თუ მათი მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა განხორციელებას.“ 
 
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების განცხადებით, აბაშიძის განკარგულებაშია 1500-კაციანი კარგად გაწვრთნილი და შეიარაღებული შენაერთი, ოთხი T-72 ტიპის საბრძოლო ტანკი, ერთი სამხედრო თვითმფრინავი და ერთი ვეტმფრენი.  
 
გარდა ამისა, როგორც პრემიერ-მინისტრმა 13 აპრილს განაცხადა, აბაშიძის მხარდამჭერებს ბოლო თვეების განმავლობაში 2,000-3,000 ავტომატური იარაღი დაურიგდათ. პრეზიდენტი სააკაშვილი  აჭარლებს იარაღის ჩაბარების სანაცვლოდ ფულს დაპირდა. ჟვანიამ განაცხადა, რომ ცენტრალური ხელისუფლება, ბიზნესმენთა ერთ ჯგუფთან ერთად, მზად არის 1 მილიონი ლარი გამოყოს ამ ინიციატივისთვის.
 
გარდა ამისა, გარკვეული პრობლემები არსებობს საქართველოს შეიარაღებული ძალების 25-ე ბრიგადასთან მიმართებაში, რომელიც ბათუმშია განლაგებული.  
 
25-ე მექანიზირებული ბრიგადის მეთაურმა, გენერალმა რომან დუმბაძემ, რომელიც ცოტა ხნის წინ იქნა გათავისუფლებული თანამდებობიდან, 8 აპრილს დაიმუქრა, რომ იგი აჭარის ლიდერს ასლან აბაშიძეს დაუჭერდა მხარს, „თუ მოვლენები არახელსაყრელად წარიმართებოდა“.
 
გენერალი რომან დუმბაძე თანამდებობიდან 3 აპრილს თავდაცვის მინისტრის გელა ბეჟუაშვილის უშუალო ბრძანების საფუძველზე გაათავისუფლეს, მას შემდეგ რაც მას დაუმორჩილებლობაში დასდეს ბრალი მარტში თბილისსა და ბათუმს შორის განვითარებული მოვლენების დროს.   
 
25-ე ბრიგადის ჯარისკაცებს ფოთში 16-17 აპრილს დაგეგმილ სამხედრო წვრთნებში უნდა მიეღოთ მონაწილეობა, თუმცა წვრთნები გაურკვეველი მიზეზების გამო გადაიდო.

მსგავსი/Related

Back to top button