ახალი ამბები

სააკაშვილის აჭარის პარლამენტის დათხოვნით იმუქრება







სააკაშვილი და აბაშიძე 25 იანვარს ბათუმში გამართულ
სამხედრო აღლუმს ერთად ადევნებდნენ თვალს.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა კატეგორიულად გააფრთხილა აჭარის ლიდერი ასლან აბაშიძე განაიარაღოს რეგიონში მოქმედი უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი აჭარის პარლამენტის დათხოვნით და რეგიონში ვადამდელი არჩევნების ჩატარებით დაიმუქრა.
 
„ამჟამად, ჩვენს მთავარ ამოცანა [აჭარაში] განიარაღებაა. ასლან აბაშიძის განკარგულებაშია T-72 ტიპის ოთხი ტანკი, ასევე სხვა ჯავშანტექნიკა და ვეტმფრენები. მზად ვარ ნება დავრთოთ მას იყოლიოს პირადი დაცვა, თუმცა უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების არსებობას ვერ დავუშვებთ,“ – განაცხადა პრეზიდენტმა 9 აპრილს.
 
„მან [აბაშიძემ] უნდა განაიარაღოს შეიარაღებული ჯგუფები. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ განვაიარაღებთ მათ. მე დავითხოვ აჭარის უზენაეს საბჭოს და ვადამდელ არჩევნებს დავნიშნავ რეგიონში,“ – დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.
 
„აბაშიძეს კიდევ ორი წელი დარჩა. თუ მას სურს შეინარჩუნოს თავისი [აჭარის ავტონომიის მეთაურის] პოსტი, მან უნდა ჩააბაროს უკანონო იარაღი“, – განაცხადა პრეზიდენტმა. 

პრეზიდენტმა ეს განცხადებები თენგიზ ასანიძესთან შეხვედრის დროს გააკეთა ამ უკანასკნელის გათავისუფლების შემდეგ. შეხვედრას წამყვანი ტელეარხები პირდაპირ ეთერში გადმოსცემდნენ. სტრასბურგის ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ 8 აპრილს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს ხელისუფლებას დაევალა დაუყონებლივ გაეთავისუფლებინა თენგიზ ასანიძე პატიმრობიდან. ბათუმის ყოფილი მერი  1999 წელს პრეზიდენტმა შევარდნაძემ შეიწყალა, ხოლო მისი სასჯელი გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ, თუმცა მიუხედავად ამისა, იგი აჭარის ადგილობრივმა ხელისუფლებამ მაინც არ გაათავისუფლა.
 
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოება „მთლიანად უჭერს მხარს ცენტრალური ხელისუფლების მისწრაფებას განაიარაღოს უკანონო დაჯგუფებები“ აჭარაში. მან ასევე განაცხადა, რომ ვერ მოითმენს საგუშაგოებსა და სანგრებს მდინარე ჩოლოხთან.
 







ცენტრალური ხელისუფლების მონაცემებით აბაშიძის
შეიარაღება მოიცავს:
• 1500-კაცანი კარგად გაწვრთნილი რაზმი
• ოთხი T-72 ტიპის ტანკი
• საბრძოლო კატარღა
აჭარაში მოქმედი შეიარაღებული ჯგუფების განიარაღება ერთ-ერთი პირობა იყო იმ შეთანხმებისა, რომელსაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა და აჭარის ლიდერმა 18 მარტს ბათუმში შეხვედრის დროს მიაღწიეს. შეთანხმების შედეგად დასრულდა ის ხუთდღიანი კრიზისი, რომელიც 14 მარტს დაიწყო, მას შემდეგ რაც საქართველოს პრეზიდენტი აბაშიძის შეიარაღებულმა მხარდამჭერებმა აჭარაში არ შეუშვეს. ინციდენტს შედეგად ცენტრალური ხელისუფლების მიერ რეგიონზე ეკონომიკური ბლოკადის დაწესება მოჰყვა.
 
პრეზიდენტმა 9 აპრილს უარყო ხმები იმის თაობაზე, თითქოს აჭარის ავტონომიის სტატუსის გაუქმება იგეგმება. „ეს ბინძური მონაჭორია,“ – განაცხადა მან.
 
სააკაშვილმა კიდევ ერთხემ შესთავაზა აბაშიძეს მიიღოს „თამაშის ახალი წესები“. „აბაშიძე ბევრ დარღვევებზეა პასუხისმგებელი. თუმცა, მას კიდევ აქვს შანსი ჩაეწეროს ახალი საქართველოს მშენებლობაში,“ – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
 
მისი თქმით, ყოველწლიურად აჭარის ხელისუფლება ათობით მილიონ დოლარს „იპარავს“. „მხოლოდ ბათუმის პორტიდან და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან საქართველოს ბიუჯეტმა დაახლოებით 120 მილიონი დოლარი უნდა მიიღოს წელიწადში, თუმცა ფული ადგილობრივი კორუმპირებული ჩინოვნიკების ჯიბეებში მიდის“, – განაცხადა მან.
 
„მათ [აჭარის ხელისუფლებამ] შემოგვთავაზეს [ცენტრალურ ხელისუფლებას] ამ ფულის გაყოფა. მაგრამ, ჩვენ გვინდა, რომ ეს ფული აჭარის მოსახლეობას მოხმარდეს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
 
სააკაშვილმა გასულ კვირას აჭარაში თავისი წარმომადგენლები გააგზავნა, ბათუმის პორტსა და სარფის საბაჟოზე მონიტორინგის განხორციელების მიზნით.
 
მისი თქმით, ცენტრალური ხელისუფლება ასევე ყურადღებით მიადევნებს თვალყურს რეგიონში ადამიანთა უფლებების დაცვას.


„თქვენი შემთხვევა ცოცხალი მაგალითი იყო იმისა, თუ როგორ არღვევს აჭარის ადგილობრივი ხელისუფლება ადამიანის უფლებებს“, – განუცხადა სააკაშვილმა თენგიზ ასანიძეს, რომელიც აჭარის უშიშროების სამინისტროს იზოლატორიდან გათავისუფლების შემდეგ აიძულეს, რომ თბილისში გამომგზავრებულიყო. 
 
სააკაშვილის განცხადებით, ცენტრალური ხელისუფლების გადამწყვეტმა პოზიციამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ასანიძის გათავისუფლებაში. „დარწმუნებული ვარ, რომ იგი [ასლან აბაშიძე] ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებასაც გაუკეთებდა იგნორირებას, რომ არა ცენტრალური ხელისუფლების კატეგორიული მოთხოვნა თქვენი გათავისუფლების თაობაზე“, – დასძინა პრეზიდენტმა.
 
აჭარის ლიდერმა ასლან აბაშიძემ, რომელიც ასანიძის გამოშვების წინააღმდეგ იყო, ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და საქართველოს ხელისუფლების კატეგორიული მოთხოვნის  შემდეგ, ასანიძის გათავისუფლების ბრძანება გასცა. თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებას „მიკერძოებული“ უწოდა.
 
ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველომ უმოკლეს ვადებში უნდა გადაუხადოს ასანიძეს 150 000 ევრო კონპენსაციის სახით. გარდა ამისა, სახელმწიფოს ასევე ეკისრება 5 000 ევროს გადახდა ასანიძის იურისტებისთვის სამი თვის ვადაში. სავარაუდოდ, ამ თანხის გადახდის საკითხიც გამოიწვევს გარკვეულ წინააღმდეგობას ცენტრალურ და რეგიონალურ ხელისუფლებას შორის.
 
იუსტიციის მინისტრმა გიორგი პაპუაშვილმა 8 აპრილს განაცხადა, რომ ასანიძეს კომპენსაციას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი გადაუხდის. „თუმცა ამ თანხის  გადახდის შემდეგ, სახელმწიფომ შესაძლოა თანხის ანაზღაურება ყველა იმ პირს მოსთხოვოს, ვინც პასუხისმგებელია ასანიძის უკანონო პატიმრობაში ყოფნის გამო,“ – დასძინა გიორგი პაპუაშვილმა.
 
მისი თქმით, ეს პირველ რიგში „აჭარის ხელმძღვანელობას ეხება“. „მათ შორის არიან აჭარის ლიდერი ასლან აბაშიძე, უშიშროების მინისტრის სოსო გოგიტიძე და ყველა ის პირი, ვინც წინ აღუდგა ასანიძის გათავისუფლებას მიუხედავად საქართველოს პრეზიდენტის შეწყალებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებისა,“ – დასძინა იუსტიციის მინისტრმა.
 
თუმცა, როგორც თბილისში აჭარის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ჰამლეტ ჭიპაშვილმა 8 აპრილს განაცხადა, „უსამართლობაა, მხოლოდ აჭარის ხელმძღვანელობის დადანაშაულება ამ საკითხში“.

მსგავსი/Related

Back to top button