ახალი ამბები

ევროპის ადამიანთა უფლებების სასამართლო ასანიძის საქმეზე განაჩენს გამოიტანს

ევროპის ადამიანთა უფლებების სასამართლო აჭარაში პატიმრობაში მყოფი თენგიზ ასანიძის საქმეზე დღეს განაჩენს გამოიტანს.


მიუხედავად იმისა, რომ ასანიძე 1999 წელს პრეზიდენტმა შევარდნაძემ შეიწყალა, და მისი სასჯელი გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ, იგი კვლავ პატიმრობაში იმყოფება.


ასანიძემ ევროპის ადამიანთა უფლებების სასამართლოს მიმართა განცხადებით, რომ მისი დაპატიმრება უკანონოა და რომ მან ვერ შეძლო თავისი უფლებების დაცვა ეროვნული სასამართლოების საშუალებით.


თენგიზ ასანიძე ბათუმის მერი იყო. იგი 1993 წლის 4 ოქტომბერს დააპატიმრეს და ბათუმის თამბაქოს ქარხანაში განხორციელებული ფინანსური  მაქინაციების ბრალდებით გაასამართლეს.


1994 წელს მას რვა წლით თავისუფლების აღკვეთა და ქონების კონფისკაცია მიესაჯა. პრეზიდენტმა შევარდნაძემ  ასანიძე 1999 წელს შეიწყალა, თუმცა ადგილობრივმა ხელისუფლებამ იგი არ გაათავისუფლა.


1999 წელს ასანიძე აჭარის სასამართლომ ხელახლა გაასამართლა და 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა აჭარის ლიდერს ასლან აბაშიძეს ასანიძის დაუყონებლივ გათავისუფლება მოსთხოვა.    

მსგავსი/Related

Back to top button