ახალი ამბები

დიდი ბრიტანეთი საქართველოს სამშვიდობო ჯარების მომზადებაში ეხმარება







ბრიტანელების მიერ გაწვრთნილი 46 ჯარისკაცი,
სამშვიდობო ოპერაციების წარმართვაში 4
ბატალიონს მოამზადებს.
46 ქართველმა სამხედრომ 2 აპრილს დაასრულა სამშვიდობო ოპერაციების სწავლების კურსი, რომელიც ბრიტანეთის სამხედრო-საკონსულტაციო მომზადების ჯგუფის მიერ განხორციელდა. 

ხუთკვირიანი კურსი, რომელიც ვაზიანის სამხედრო ბაზაზე განხორციელდა,  სამშვიდობო ოპერაციების სწავლების კურსის პირველი ფაზა იყო. სწავლებები იმ სამხედრო დახმარების ნაწილია, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს აღმოუჩინა ნატოს პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამის ფარგლებში.  დიდმა ბრიტანეთმა სწავლების კურსისთვის დაახლოებით 50,000 აშშ დოლარი გამოყო.
 
ბრიტანელი სამხედრო ინსტრუქტორების ჯგუფი შედგებოდა ხუთი სამხედრო პირისგან, რომელთაც  გარკვეული გამოცდილება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში ანალოგიური მომზადების განხორციელების შედეგად შეიძინეს. 
 
„რასაც ჩვენ აქ ვაკეთებთ არის ინსტრუქტორთა მომზადება, რის შედეგადაც ეს ბიჭები [ქართველი სამხედროები] თავიანთ ცოდნას სხვა ქართველ ჯარისკაცებს გადასცემენ. და მინდა გითხრათ, რომ ისინი მართლაც ძალიან მონდომებულნი არიან შეიძინონ ახალი ცოდნა “ – განუცხადა უფროსმა სერჟანტმა მაკკეონმა „სივილ ჯორჯიას“.
 
„ახლა ჩვენ ვიცით, როგორ ვიმოქმედოთ პოსტ-კონფლიქტურ ზონებში. ეს აბსოლუტურად განსხვავდება საბრძოლო ოპერაციებისგან და განსხვავებულ უნარ-ჩვევებსა და ცოდნას მოითხოვს“, – განუცხადა სერჟანტმა ნოდარ გრიგალაშვილმა „სივილ ჯორჯიას“ ვაზიანის ბაზაზე გამართული ცერემონიის შემდეგ.
 
საქართველოში ბრიტანელ ინსტრუქტორთა ჯგუფის ხელმძღვანელმა ტიმ რობმა აღნიშნა, რომ პროგრამის მომდევნო ფაზა ითვალისწინებს იმ ოთხი ქართული ბატალიონის მომზადებას, რომელთაც უკვე გაიარეს წვრთნა აშშ-ის მიერ დაფინანსებული „წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის“ ფარგლებში.
 
„რა თქმა უნდა ძალიან კმაყოფილები ვართ [პროგრამის განხორციელებით]. მაისში ვიწყებთ კომანდოს ბატალიონის მომზადებას კრწანისი საწვრთნელ ბაზაზე. ამ სწავლებებს უკვე უშუალოდ ის 46 ქართველი ინსტრუქტორი ჩაატარებს, რომლებმაც უკვე გაიარეს მომზადების კურსი. სულ, ოთხი ბატალიონი მომზადდება და თითოეულის გაწვრთნას ერთი თვე დასჭირდება“, – განუცხადა ტიმ რობმა „სივილ ჯორჯიას“.
 
„პირველ ეტაპზე ერთი ბატალიონის 550-560 სამხედრო მოსამსახურე, ხოლო ზაფხულის ბოლოსთვის საბოლოო ჯამში, თითქმის 2,500 სამხედრო მომზადდება ქართველი ინსტრუქტორების მიერ და ჩვენ აქ ვიქნებით, რომ დავეხმაროთ მათ სამხედროების გაწვრთნაში, ჩვენ უკვე კონსულტანტის ფუნქციები გვექნება,“ – დასძინა მან.
 
საქართველო, რომელიც ნატოში გაერთიანებისკენ ისწრაფვის, უკვე ჩართულია სამშვიდობო ოპერაციებში კოსოვოსა და ერაყში.
 
ამჟამად, ქართველი სამშვიდობოები პრიზნენში (კოსოვოს  სამხრეთ-დასავლეთით)   თურქული სამშვიდობო ძალების მეთაურობის ქვეშ მოქმედებენ. 70 გამნაღველისა და ექიმისგან შემდგარი პირველი ქართული შენაერთი, რომელიც ერაყის ქალაქ ტიკრიკში გასულ აგვისტოს გაემგზავრა, მარტში უკვე დაბრუნდა სამშობლოში; თუმცა, საქართველო კვლავ აპირებს 500-ზე მეტი ჯარისკაცის გაგზავნას ერაყში 2004 წლის ზაფხულისთვის.
 
საქართველოში იგეგმება ერთი სამშვიდობო ბატალიონის შექმნა, რომელიც იმ ჯარისკაცებისგან დაკომპლექტდება, რომელთაც გამოცდილება ერაყსა და კოსოვოში შეიძინეს. თუმცა, ოფიციალურ პირთა თქმით, ეს გრძელვადიანი პერსპექტივაა.
 
„საქართველო ამჟამად ფინანსების ნაკლებობას განიცდის. ამიტომ ქვეყანას არა აქვს საშუალება იყოლიოს ერთი ცალკე ბატალიონი, რომლის საქმიანობაც მხოლოდ სამშვიდობო ოპერაციებისკენ იქნება მიმართული. ეს დიდი ფუფუნებაა. თუმცა, ჩვენ ვემზადებით ამისთვის ჩვენი უცხოელი მეგობრების დახმარებით. ბრიტანელი ინსტრუქტორების მიერ განხორციელებულ მომზადების კურსს ამ კუთხით ძალზედ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა,“ – განუცხადა „სივილ ჯორჯიას“ სწრაფი რეაგირების ძალების მეთაურმა ზვიად კეკელიძემ. 
 
დიდი ბრიტანეთის მთავრობის სამხედრო დახმარება ასევე ითვალისწინებს ქართველი ჯარისკაცებისთვის ინგლისური ენის შესწავლისა და სპეციალურ სასწავლო და   სამხედრო კურსებს. ამას გარდა, საქართველოს თავდაცვის მინისტრს ეყოლება ბრიტანელი მრჩეველი.
 
საქართველოში ბრიტანეთის სამხედრო ატაშეს კრის ნანის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის შემდგომი დახმარება მთლიანად დამოკიდებულია ქართულ მხარეზე. „ჩვენ ინვესტიციას ვდებთ და თვალყურს ვადევნებთ, თუ როგორ გამოიყენებს საქართველო ამ ინვესტიციას“, – განუცხადა კრის ნანმა „სივილ ჯორჯიას.“

მსგავსი/Related

Back to top button