ახალი ამბები

თბილისი ბათუმთან მუქარანარევ მოლაპარაკებებს გამართავს







აბაშიძე ზომიერ ჟვანიასთან ამჯობინებს საუბარს.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2 აპრილს განაცხადა, რომ მომავალ კვირას პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას აჭარაში გააგზავნის, რათა ცენტრსა და რეგიონს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები გამართოს. თუმცა მოლაპარაკებებთან ერთად სააკაშვილი რადიკალურ ტონსაც არ ივიწყებს და აბაშიძეს მკაცრ გაფრთხილებებს აძლევს.

ამასობაში, საქართველოს უშიშროების მინისტრის მოადგილემ გიგი უგულავამ 2 აპრილს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტზე მზადდებოდა თავდასხმა, რომელიც “აჭარის უმაღლესი ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებული.”

“ჩვენ მიერ დღეს [2 აპრილს] დაკავებულია პიროვნება ედუარდ მსხალაძე, რომელიც ექვსკაციანი ჯგუფის ერთ-ერთი წევრია. მათ დავალებული ჰქონდათ პრეზიდენტის ლიკვიდაცია,” – განაცხადა გიორგი უგულავამ.

მისი თქმით ასევე უკვე დაკავებულია ჯგუფის სხვა სამი წევრიც, თუმცა ორი დარჩენილი წევრის დაკავება ვერ ხერხდება იმის გამო, რომ ისინი აჭარაში იმყოფებიან.

უგულავას თქმით ჯგუფი მოქმედებდა აჭარის უშიშროების მინისტრის სოსო გოგიტიძის, მისი მოადგილის გოგი კუპრეიშვილისა და აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ბაკურიძის უშუალო ბრძანებებით.

ამ ყოველივეს წინ უძღოდა სააკაშვილის მიერ აბაშიძისადმი გაგზავნილი მორიგი გაფრთხილება. 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებში მიღწეული დამაჯერებელი გამარჯვებით გამხნევებულმა სააკაშვილმა კვლავ განაახლა აჭარისა და მისი ლიდერის მისამართით მკაცრი განცხადებები. აბაშიძის პარტიამ „აღორძინების კავშირმა“ ვერ შეძლო არჩევნებში 7% ბარიერის გადალახვა.

ამასთან სულ უფრო მატულობს სააკაშვილის განცხადებებში სამხედრო რიტორიკაც. 1 აპრილს საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-11 ბრიგადის ჯარისკაცებს, რომლებიც ქართულ ჯარში ყველაზე კარგად მომზადებულ შენაერთად ირთვლება, მიმართა, რომ „ნებისმიერ ვინც აიღებს იარაღს და დაუპირისპირდება ქვეყანას არის სამშობლოს მოღალატე და უნდა შესაბამისად დაისაჯოს.“

„საქართველოში სამი კერძო, უკანონო შეიარაღებული დაჯგუფება მოქმედებს. რომელთაგან ერთ-ერთში ქართულ ენაზე საუბრობენ,“ – დასძინა სააკაშვილმა, მაგრამ არ დააკონტკრეტა თუ ვის გულისხმობდა.

თუმცა, დაკონკრეტების გარეშეც, არავის ეპარება ეჭვი, რომ სააკაშვილი პირველ რიგში აჭარის ლიდერზე და მის შეიარაღებულ მხარდამჭერებზე მიუთითებდა. მარტში, სწორედ ამ შეიარაღებულმა რაზმებმა გადაუკეტეს პრეზიდენტის კორტეჟს გზა ჩოლოქთან და არ მისცეს რეგიონში შესვლის უფლება, რამაც ქვეყანა შეიარაღებული კონფლიქტის ზღვარზე მიიყვანა.

სამხედრო რიტორიკასთან ერთად, სააკაშვილი აბაშიძესთან მოლაპარაკებასაც ცდილობს და მომავალ კვირას ბათუმში ზომიერ ზურაბ ჟვანიას აგზავნის.

“ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ დიალოგი ცენტრსა და ავტონომიურ რესპუბლიკას შორის ფუნქციების გამიჯვნის თაობაზე. ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოხდეს ამ საკითხის მოგვარება”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2 აპრილს.

„მე მზად ვარ ყველას ყველაფერი ვაპატიო, მაგრამ არასოდეს გავაკეთებ ამას, როდესაც საქმე ქვეყნის ინტერესებს ეხება,“ – განაცხადა მოგვიანებით სააკაშვილმა.

როგორც პოლიტიკური მიმომხილველი ია ანთაძე აცხადებს, ცენტრალური ხელისუფლება ყველაფერს ცდილობს, რათა „აბაშიძის პრობლემა მშვიდობიანი გზით მოგვარდეს, და იგი გადადგომაზე დაიყოლიონ.“

ამაშობაში, აბაშიძის ოპოზიციამ უკვე დაიწყო საუბარი აჭარაში ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესახებ. ავტონომიური რესპუბლიკის წინააღმდეგობებით სასვსე კონსტიტუციის მიხედვით, აჭარის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები 2007 წელს უნდა გაიმართოს, ხოლო ავტონომიის მეთაურის არჩევნები 2006 წელს.

„3 აპრილიდან ჩვენ აჭარაში მივწყებთ ხელმოწერების შეგროვებას მოთხოვნით: გადადგეს აბაშიძე და გაიმართოს აჭარის პარლამენტის ვადამდელი არჩევნები,“ – განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის “ჩვენი აჭარის” ერთ-ერთმა ლიდერმა კობა ხაბაზმა „სივილ ჯორჯიასთან“ საუბრისას.


„28 მარტის არჩევნებმა დაადასტურა, რომ აბაშიძეს მხარდამჭერები აღარ ყავს,“ დასძინა ხაბაზმა.


ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებით, აჭარის ლიდერის ასლან აბაშიძეს პარტიამ მხოლოდ 6,02% მიიღო.  თუმცა, „აღორძინებამ“ გაიმარჯვა თავად აჭარაში. ოფიციალური მონაცემებით, აბაშიძის პარტიამ აჭარის ხმების 52,5% მოაგროვა, მაშინ როდესაც სააკაშვილის „ნაციონალურმა მოძრაობა-დემოკრატებმა“ ხმათა 40,1% მიიღეს.


“ჩვენ ყველა კანონიერ ხერხს გამოვიყენებთ ჩვენი გამარჯვების დასადგენად. გვაქვს შესაბამისი დოკუმენტები, სადიდანაც დასტურდება ის, რომ არჩევენბის ფალსიფიცირება ხელისუფლებამ მოახდინა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ 7% ბარიერს გადავლახავდით. არსებულ დოკუმენტაციას ჩვენ შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში და სასამარტლოში წარვადგენთ” – განაცხდა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას თბილისში აჭარის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ჰამლეტ ჭიპაშვილმა.


საკუთარი სიმართლის დასადგენად აჭარის ხელისუფლება რეგიონში რეფერენდუმის ჩატარების საკითხს აყენებს. “მოსახლეობის გამოკითხვით ჩვენ დავადასტურებთ თუ რამდენმა დაუჭირა მხარი აღორძინების კავშირს და რამდენმა სახელისუფლებო პარტიას” – განაცხადა აჭარის ლიდერმა ასლან აბაშიძემ. 


თუმცა აჭარაში რეფერენდუმის ჩატარებას უკანონოდ მიიჩნევს საქართველოს იუსტიციის მინისტრი გიორგი პაპუაშვილი. მისი თქმით, კონსტიტუციის მიხედვით რეფერენდუმი ქვეყნის პრეზიდენტის ბრძანებით ინიშნება 200 ათასი მოქალაქის მოთხოვნის საფუძველზე.


“აქედან გამომდინარე ავტონომიის ხელმძღვანელს რეფერენდუმის ჩატარების არანაირი იურიდიული საფუძველი არ გააჩნია. ამასთა, კანონით არ შეიძლება რეფერენდუმი ქვეყნის მხოლოდ ცალკეულ რეგიონში ჩატარდეს” – განაცხადა გიორგი პაპუაშვილმა.


აღსანიშნავია, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 28 მარტის საპარლამენტო არჩევნების შედეგები აჭარაში ხულოსა და ქობულეთის საარჩევნო ოლქებში ბათილად სცნო. ეს ის ოლქებია, სადაც „აღორძინებამ“ ყველაზე მეტი ხმები დააგროვა.

მსგავსი/Related

Back to top button