ახალი ამბები

ძალთა გადანაწილება ახალ პარლამენტში








სააკაშვილის ძალაუფლება კიდევ უფრო მატულობს.
28 მარტის საპარლამენტო არჩევნების არსებული მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, პრეზიდენტ სააკაშვილის “ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები” საკანონმდებლო ორგანოს მანდატების თითქმის ორ-მესამედს მოიპოვებს, ხოლო ოპოზიციური პარტიები – 30.


31 მარტის მონაცემებით დაახლოებით 1,532,521 ბიულეტენიდან დათვლილია 1,518,751 დათვლილი. ხმების გადანაწილების შედეგად “ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები” 67,02% აგროვებენ, ხოლო შედარებით ზომიერი “მემარჯვენე ოპოზიცია” რომელიც “მრეწველებსა” და “ახლებს” აერთიანებს – 7,62%. დანარჩენი პარტიები 7%-იან ბარიერს საერთოდ ვერ ლახავენ.


იმ შემთხვევაში, თუ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საბოლოო შედეგებად ეს მონაცემები დაამტკიცა, მაშინ მმართველი პარტია პარტიული სიით 135 დეპუტატს, ხოლო “მემარჯვენე ოპოზიცია” კი 15 დეპუტატს გაიყვანს ახალ საკანონმდებლო ორგანოში.


როგორც ცნობილია, უზენაესმა სასამართლომ 2 ნოემბრის არჩევნების მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნები გააბათილა, ხოლო 75 ოლქში ჩატარებული მაჟორიტარული არჩევნების შედეგები ძალაში დარჩა. შესაბამისად 28 მარტს პარტიები 235 ადგილიან პარლამენტში 150 მანდატისთვის იბრძოდნენ. 10 ადგილი პარლამენტში აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების წარმომადგენლებს ეკუთვნით.


74 მაჟორიტარი დეპუტატიდან (ჭიათურის მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტურია ჩასატარებელი) 17 “ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატების” წევრია; “მემარჯვენე ოპოზიციას” 8 მაჟორიტარი ყავს (4 – “ახლებს” და 4 – “მრეწველებს”); “ლეიობორისტებს” – 4, ხოლო აჭარის ლიდერის ასლან აბაშიძის პარტიას “აღორძინების კავშირს” – 6.


19 მაჟორიტარი ნოემბრის მოვლენებამდე ექს-პრეზიდენტ შევარდნაძის პარტიაში შედიოდნენ, თუმცა მრავალი მათგანი ახალი ხელისუფლების მიმართ უკვე საკმაოდ ლოაილურად არის განწყობილი. დარჩენილი 20 მაჟორიტარი კი უპარტიოა.


საერთო ჯამში, მმართველ პარტიას ახალ პარლამენტში 152 დეპუტატი ეყოლება, ხოლო “მემარჯვენე ოპოზიციას” – 23. საკონსტიტუციო უმრავლესობას 235 ადგილიან პარლამენტში 157 ხმა შეადგენს.


თუმცა, არ არის გამორიცხული ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული, თითქმის საბოლოო შედეგები, შეიცვალოს. ჯერ-ჯერობით მემარჯვენე ოპოზიციის ბედი საბოლოოდ გარკვეული მაინც არ არის. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ზურაბ ჭიაბერაშვილის 31 მარტს განაცხადა, არ არის გამორიცხული გაუქმდეს იმ საარჩევნო უბნების შედეგები სადაც ფართომაშტაბიანი გაყალბებები დაფიქსირდა. ეს პირველ რიგში აჭარისა და ქვემო ქართლის უბნებს შეეხებათ.


აღსანიშნავია, რომ “მემარჯვენე ოპოზიციას” მნიშვნელოვანი ხმები სწორედ ქვემო ქართლში აქვთ მოპოვებული და მათი გაუქმების შემთხვევაში შესაძლოა ოპოზიციური კოალიცია პარლამენტს გარედ დარჩეს. ასეთ შემთხვევაში, პარლამენტში არსებულ 150 თავისუფალ ადგილს მთლიანად მმართველი პარტია დაიკავებს.


ამასთა, აღსანიშნავია, რომ მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილმა აღმასრულებელ ხელისუფლებაში მაღალი პოსტები უკვე დაიკავა. შესაბამისად მათ დეპუტატის მანდატზე უარის თქმა მოუწევთ. მათ შორის არიან გენერალური პროკურორი ირაკლი ოქრუაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი ბარამიძე, ჯანდაცვის მინისტრი გიგი წერეთელი, პრეზიდენტის რწმუნებული იმერეთის რეგიონში დავით მუმლაძე, ასევე აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრი ჯემალ გოგიტიძე. თუ ეს პირები აღმასრულებელ ხელისუფლებაში დარჩნენ, რაც უფრო მოსალოდნელია, მაშინ შესაბამის მაჟორიტარულ ოლქებში ხელახალი არჩევნები ჩატარდება.


არჩევნებამდე პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ იმის მიუხედავად თუ რამდენი პარტია მოხვდება პარლამენტში, საკანონმდებლო ორგანო მაინც არ იქნება ერთპარტიული, “რადგან პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატები უკვე იმყოფებიან.”


“ჩემი გამოთვლებით სულ ცოტა 45 მაჟორიტარი ოპოზიციურ სპექტრს წარმოადგენს. ამასთან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თავად მმართველი კოალიცია რამოდენიმე პარტიისგან შედგება და ყველანი მოწმენი გავხდით მათ შორის აზრთა სხვადასხვაობისა,” განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.


თუმცა, ძნელი წარმოსადგენია, რომ მაჟორიტარმა დეპუტატებმა რადიკალური ოპონირება გაუწიონ ხელისუფლებას პარლამენტში. მითუმეტეს მაშინ როდესაც კონსტიტუციური ცვლილებების შემდეგ პრეზიდეტისთვის პრობლემების შექმნის შემთხვევეში პარლამენტი დათხოვნის მუდმივი საფრთხის წინაშე იმყოფება. თუმცა გამონაკლისების სახით რამოდენიმე მაჟორიტარი შეიძლება გამოჩნდეს, მათ შორის სააკაშვილის ყოფილი მოკავშირე კობა დავითაშვილი, რომელმაც ოპოზიციონერობა არჩია, მას შემდეგ რაც სააკაშვილმა პარლამენტს სადაო საკონსტიტუციო ცვლილებები მიაღებინა.


ამასთან აღსანიშნავია პრეზიდენტის განცხადება იმის თაობაზე, რომ თავად მმართველი პოლიტიკური ძალა რამოდენიმე პარტიისგან შედგება.


სახელისუფლებო პარტია ოთხ პოლიტიკურ სუბიექტს აერთიანებს. მიუხედავად ხელისუფლების მცდელობისა, რომ ნაციონალური მოძრაობისა და გაერთიანებული დემოკრატების ერთ პარტიად ჩამოყალიბებით ერთსულოვნების დემონსტრირება მოეხდინათ, პარტიის შიგნით სუბიექტებს შორის განსხავებულმა პოზიციებმა მაინც იჩინა თავი. ნაციონალური მოძრაობა დემოკრატების პარტიულ სიაში 60% პრეზიდენტ სააკაშვილის უშუალო დასაყრდენია, ხოლო დანარჩენ 40%-ს პრემიერ მინისტრი ზურაბ ჟვანიას და პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძის კადრებზე ნაწილდება.


პოლიტიკური მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ ახალი ძლიერი ოპოზიცია, შესაძლოა სწორედ თავად მმართველი პარტიის რიგებიდან იშვას. თუმცა იმასაც დასძენენ, რომ განხეთქილება სააკაშვილის პარტიაში უახლოეს მომავალში ნაკლებად სავარაუდოა.

მსგავსი/Related

Back to top button