ახალი ამბები

სააკაშვილი არჩევნებში აჭარის მოსახლეობის აქტიურობით კმაყოფილია

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო დამკვირვებელების მიერ გაკეთებული წინასწარი შეფასებებით საპარლამენტო არჩევნების თაობაზე კმაყოფილია და აცხადებს, რომ ეს არის თითოეული ქართველი ამომრჩევლის გამარჯვება და მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტის ამაღლების მიზნით.


“ასეთი შეფასება საპარლამენტო არჩევნებს არც ერთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში არ ჰქონია, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა. მე ასეთი შეფასება უბრალოდ გამიხარდა”, – განაცხადა 29 მარტს გამართულ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილმა.


იგი ასევე შეეხო აჭარაში არჩევნების ჩატარების პროცესს. პრეზიდენტის თქმით, აჭარაში არჩევნების ტოტალური გაყალბება პირველად საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ვეღარ მოხერხდა. 


“იყო სერიოზული გაყალბებები, განსაკუთრებით მაღალმთიან აჭარაში, თუმცა ადგილობრივმა ხელისუფლებამ მაინც ვერ შეძლო არჩევნების მასიური გაყალბება, რაც მოსახლეობის აქტიურობამ, საერთაშორისო დამკვირვებლებმა და ბათუმში პრემიერ-მინისტრის ყოფნამ განაპირობა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


მისი თქმით, ხელისუფლება განაგრძობს ბრძოლას ბანდიტების განიარაღებისათვის. “მინდა გავაფრთხილო ისინი, რომ მათთან არ იქნება არანაირი კომპრომისი, ან ახლავე დააწყობენ იარაღს, ან მე შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამ. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება აჭარისადმი, საქართველოში საბოლოოდ უნდა დამყარდეს კანონის უზენაესობა”, – აცხადებს პრეზიდენტი.


პრეზიდენტი ახლადარჩეული პარლამენტის მუშაობის დაწყებისთანავე კანონპროექტს შეიტანს, რომელიც აჭარაში უშიშროების სამინისტროს გაუქმებას ითვალისწინებს.

მსგავსი/Related

Back to top button