ახალი ამბები

„აღორძინება“ საპარლამენტო მანდატების გარეშე რჩება







აბაშიძის პარტიის პირველი მარცხი არჩევნებში.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცსკ) უკვე დათვალა ხმების აბსოლუტური უმრავლესობა, რის შედეგადაც აჭარის ლიდერის ასლან აბაშიძის „აღორძინების კავშირი“, როგორც ჩანს, პარლამენტში ვერ მოხვდება. 150 ადგილს ახალ საკანონმდებლო ორგანოში ორი პარტია – პრეზიდეტ სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები“ და „მემარჯვენე ოპოზიცია – მრეწველები – ახლები“ გაიყოფენ.

აჭარის მეთაური შედეგებს აპროტესტებს, ხოლო „აღორძინება,“ როგორც მოსალოდნელია საპროტესტო აქციის დაწყებას გეგმავს თბილისში. ამისთვის აჭარიდან „აღორძინების“ მომხრეების ჩამოყვანა იგეგმება. ამ ინფორმაციას თბილისში ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენელი ჰამლეტ ჭიპაშვილი ადასტურებს.  

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 30 მარტს საღამოს განაცხადა, რომ 1,5 მილიონი ბიულეტენიდან 1,486,800 უკვე დათვლილია. შედეგებით კი ირკვევა, რომ პარლამენტში დარჩენილ 150 თავისუფალი ადგილიდან აბსოლუტური უმრავლესობა მმართველ „ნაციონალურ მოძრაობა-დემოკრატებს“ ერგო, რომელმაც ხმათა 67% დააგროვა. რამოდენიმე ადგილს „მემარჯვენე ოპოზიცია – მრეწველები-ახლები“ დაეუფლებიან, რომლებმაც 7,6% დააგროვეს. „აღორძინების კავშირმა“ ხმების 6,13% მოიპოვა.

“ლეიბორისტები“ რომლებმაც უკვე მოითხოვეს არჩევნების შედეგების გაუქმება სავარაუდო გაყალბების გამო, ხმათა 5,8% აგროვებს; პოლიტიკურმა მოძრაობა „თავისუფლებამ“ – 4,19%; ედპ-ტრადიციონალისტებმა – 2,5%; ჯუმბერ პატიაშვილის „ერთობამ“ – 2,4%.
 
„172 საარჩევნო უბნის ხმები ჯერ კიდევ დასათვლელია. არჩევნების შედეგები ჯერ კიდევ შეიცვლება, რადგანაც შედეგები იმ უბნებზე, სადაც სერიოზული დარღვევები დაფიქსირდა, აუცილებლად გაუქმდება. ამგვარად, ეს პარტიების პერსპექტივებზე გარკვეულწილად იმოქმედებს“, – განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ჭიაბერაშვილმა 29 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე.
 
არჩევნების შედეგების გამოცხადებას თან სდევდა მოთხოვნები აბაშიძის ოპოზიციისგან რეგიონში ვადამდელი არჩევნების ჩატარებისა და ასლან აბაშიძის ათწლიანი მმართველობის დასრულების თაობაზე.
 
„არჩევნებამდეც ნათელი იყო, რომ „აღორძინება“ არჩევნებს წააგებდა, რადგანაც ხალხს აღარ სურს აბაშიძის კრიმინალური რეჟიმი აჭარაში“, – განაცხადა ოპოზიციური მოძრაობა „ჩვენი აჭარას“ წარმომადგენელმა თამაზ დიასამიძემ „სივილ ჯორჯიას“ 29 მარტს.
 
„ჩვენ აჭარაში ვადამდელი არჩევნების საკითხს დავაყენებთ, რათა არჩევნების საშუალებით ვაიძულოთ აბაშიძე გადადგეს“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატების“ წარმომადგენელმა გიგა ბოკერიამ.
 
თუმცა, ქვეყნის მასშტაბით არჩევნებში წარუმატებლობის მიუხედავად, „აღორძინებამ“ მაინც მოახერხა აჭარაში უფრო მეტი მოეგროვებინა, ვიდრე „ნაციონალურმა მოძრაობა-დემოკრატებმა“.
 
აჭარის საოლქო კომისიების მონაცემებით, რეგიონში 28 მარტის არჩევნებზე 145 330 ადამიანი მივიდა. მათგან 52,5% “დემოკრატიული აღორძინების კავშირს” მისცა ხმა, 40,1% კი “ნაციონალურ მოძრაობა” დემოკრატებს. მესამე ადგილზე გავიდა “მემარჯვენე ოპოზიცია მრეწველები – ახლები”, რომელთაც 2,2% მიიღეს.
 
„დღეს დილით [29 მარტს] „აღორძინებას“ 8%-ზე მეტი ჰქონდა იმ ხმების ხარჯზე, რომლებიც აჭარიდან მოვიდა“, – განაცხადა ცსკ-ს თავმჯდომარემ ზურაბ ჭიაბერაშვილმა 30 მარტის ბრიფინგზე.
 
„თუმცა, მას შემდეგ, რაც ჩვენ მივიღეთ ხმები საქართველოს სხვა რეგიონებიდან, „აღორძინების“ პროცენტულმა მაჩვენებელმა იკლო. ეს ცხადყოფს, რომ „აღორძინებამ“ საკმაოდ დაბალი მხარდაჭერა მოიპოვა სხვა რეგიონებში“, – დასძიბა მან.
 
გასული წლის ნოემბრის გაყალბებულ არჩევნებში “აღორინებამ“ აჭარიდან ხმების 95% მიიღო. 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებიც დემოკრატიულისგან საკმაოდ შორს იყო, თუმცა დამკვირვებელთა თქმით გარკვეული პროგრესი მაინც შეინიშნებოდა 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით.
 
აჭარის ერთ-ერთი საარჩევნო ოლქის შედეგები საკამათოა. ცსკ-ს თავმჯდომარემ ზურაბ ჭიაბერაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ხულოს საარჩევნო ოლქში მთელი რიგი დარღვევები დაფიქსირდა. „არ გამოვრიცხავ, რომ ამ ოლქის შედეგები შესაძლოა გაუქმდეს“, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
 
ეუთოს, ევროპის საბჭოსა და ევროპარლამენტის დამკვირვებლებმა შეფასებით, ოპოზიციის წარმომადგენელთა და ჟურნალისტების დაშინებამ და შეურაცხყოფამ აჭარაში გარკვეული ჩრდილი მიაყენა საარჩევნო პროცესს ქვეყნის მასშტაბით.
 
პოლიტიკურ მიმომხილველთა თქმით, აბაშიძისთვის არასასურველი შედეგები  კიდევ უფრო გაამწვავებს დაძაბულობას თბილისსა და ბათუმს შორის. 
 
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 29 მარტს კიდევ ერთხელ გააფრთხილა აჭარის ლიდერი, რომ  ცენტრალური ხელისუფლება აღარ შეეგუებოდა კრიმინალურ რეჟიმს ქვეყნის ერთ-ერთ რეგიონში.
 
მან კატეგორიულად მოსთხოვა აჭარის ლიდერს განეიარაღებინა უკანონო დაჯგუფებები აჭარაში – ამ შეთანხმებას სააკაშვილმა და აბაშიძემ ბათუმში არჩევნებამდე გამართული მოლაპარაკებების დროს მიაღწიეს.
 
„წინ დიდი ბრძოლა გველოდება, ბრძოლა ბანდიტების განიარაღებისთვის. მინდა ისინი გავაფრთხილო, რომ მე არანაირ კომპრომისზე არ წავალ. ისინი ან ჩააბარებენ იარაღს, ან მე შესაბამის ნაბიჯებს გადავდგავ“, – განუცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებს.
 
მიხეილ სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად ასლან აბაშიძის პროტესტისა, მან უკვე წარუდგინა პარლამენტს კანონპროექტი აჭარის უშიშროების სამინისტროს გაუქმების თაობაზე.
 
„ახალი პარლამენტი მუშაობის დაწყებისთანავე მიიღებს შესაბამის კანონს. კანონის თანახმად, აჭარაში უშიშროების სამინისტრო გაუქმდება და მის დაქვემდებარებაში მყოფი სამხედრო ფორმირებები დაიშლება, რადგანაც ისინი ბარდიტებით არის დაკომპლექტებული“, – დასძინა პრეზიდენტმა.

მსგავსი/Related

Back to top button