ახალი ამბები

ხმათა პარალელური დათვლის შედეგები „მემარჯვენე ოპოზიციას“ აიმედებს







“მემარჯვენე ოპოზიციის” ლიდერი აცხადებს,
რომ მოსახლეობას პარლამენტში ოპოზიციის
არსებობის სურვილი აქვს.
ხმათა 20%-ის დათვლის შედეგად, ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცსკ) აცხადებს, რომ მმართველმა პარტიამ 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების 74,9% მოიპოვა. საერთაშორისო დამკვირვებელთა განცხადებით, ამ არჩევნებზე წინა არჩევნებთან შედარებით გარკვეული პროგრესი შეინიშნებოდა.

საარჩევნო ბლოკი „მემარჯვენე ოპოზიცია – მრეწველები-ახლები“ იმედოვნებს, რომ შეძლებს 7%-იანი ბარიერის გადალახვას და პარლამენტში ადგილების მოპოვებას.  ცსკ-ს წინასწარი მონაცემებით ბლოკმა ხმების 6,4% მიიღეს. თუმცა, ცსკ-ს თავმჯდომარემ ზურაბ ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, რომ „ეს შედეგები წინასწარია, რომლებიც შესაძლოა შეიცვალოს, მას შემდეგ რაც ცსკ რეგიონებიდან დამატებით მონაცემებს მიიღებს“.

წინასწარი შედეგების მიხედვით, ლეიბორისტული პარტია მესამე ადგილზე გადის ხმების 4,47%-ით; კონსტანტინე გამსახურდიას პარტია “თავისუფლება” – 4,83%; ერთობა – 2,85%; ედპ-ტრადიციონალისტები – 2,63%; აღორძინების კავშირი – 0,64%.

წინასწარი შედეგები არ შეიცავს ხმებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან. ამიტომ მოსალოდნელია, რომ „აღორძინების“ მიერ მოპოვებული ხმების რაოდენობა ბერვად გაიზრდება, მას შემდეგ რაც ცსკ აჭარიდან ხმებს მიიღებს.

ამავდროულად, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ დღეს ხმების პარალელური დათვლის შედეგები გამოაქვეყნა. ამავე ორგანიზაციის მიერ 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებზე ჩატარებულმა ხმების პარალელურმა დათვლამ არჩევნების შედეგების გაყალბების გამოვლენაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

ხმების პარალელური დათვლის შედეგებით, მხოლოდ „ნაციონალურმა მოძრაობა-დემოკრატებმა“ და „მემარჯვენე ოპოზიციამ“ გადალახეს 7%-იანი ბარიერი.

ქვემოთ მოცემულია ხმების პარალელური დათვლის შედეგები:

1. “ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატები”  – 67,78%
2. “მემარჯვენე ოპოზიცია მრეწველები – ახლები” – 7,75%
3. “დემოკრატიული აღორძინება” – 6,60%
4. “ლეიბორისტული პარტია” – 6,14%
5. “თავისუფლება – კონსტანტინე გამსახურდია” – 4,72%
6. “ედპ-ტრადიციონალისტები” – 2,38%
7. “ჯუმბერ პატიაშვილი –ერთობა” – 2,19% 

ორგანიზაციის მტკიცებით ხმათა პარალელური დათვლისას ცდომილება 0,2-0,5% შეადგენს.
 
„ვიმედოვნებთ, რომ ოფიციალური შედეგები დაემთხვევა ხმების პარალელური დათვლის შედეგებს და ხელისუფლება არ გააყალბებს არჩევნების შედეგებს“, – განაცხადა ორგანიზაციის წარმომადგენელმა თამარ ჟვანიამ 29 მარტს გამართულ ბრიფინგზე.

პარალელური დათვლის შედეგებმა „მემარჯვენე ოპოზიცია“ რომელიც ორ პარტიას „ახალ მემარჯვენეებსა“ და „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ აერთიანებს, კიდევ უფრო დააიმედა.


„ხმათა პარალელური დათვლის შედეგებმა დაადასტურა, რომ განცხადებები ერთ-პარტიული პარლამენტის შესახებ ნაადრევი ყოფილა. მოსახლეობამ აჩვენა, რომ მას სურს იხილოს ოპოზიცია პარლამენტში,“ – განაცხადა ბლოკის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით გამყრელიძემ.
 
იმ შემთხვევაში, თუ ოფიციალური შედეგები დაემთხვევა ხმების პარალელური დათვლის შედეგებს, აჭარის ლიდერის ასლან აბაშიძის მხარდამჭერი „აღორძინების კავშირი“ ვერ შეძლებს პარლამენტში მანდატების მოპოვებას, რაც, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაამწვავებს დაძაბულობას თბილისსა და ბათუმს შორის.
 
კიდევ ერთი დამკვირვებელი ორგანიზაციის – ფონდი „სამართლიანი არჩევნების“  – ვარაუდით, „აღორძინება“ ვერ შეძლებს ხმების 7% მოპოვებას, მიუხედავად იმისა, რომ პარტიამ აჭარაში გარკვეულ წარმატებას მიაღწია.
 
ფონდმა „სამართლიანი არჩევნები“, რომელსაც დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით ჰყავდა გაგზავნილი, ხმების პარალელური დათვლა მხოლოდ აჭარაში განახორციელა. ხმების პარალელური დათვლის შედეგებით, „აღორძინებამ“ აჭარაში 47,6% მიიღო, მაშინ როცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 44,3%.
 
„ჩვენი გამოანგარიშებით, „აღორძინების“ მიერ აჭარაში მიღებული ხმების რაოდენობა არ იქნება საკმარისი რომ „აღორძინებამ“ მთელი ქვეყნის მაშტაბით 7%-იანი ბარიერი გადასალახოს,“ – განაცხადა ფონდი „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელმა ზაზა დარასელიამ 29 მარტს.
 
თუმცა, როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა არჩევნების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, „ნაციონალურმა მოძრაობა-დემოკრატებმა“ არჩევნები მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის აჭარაშიც, მოიგეს.
 
„ჩვენ აჭარაში ორჯერ მეტი ხმები მივიღეთ, ვიდრე ადგილობრივმა მმართველმა პარტიამ [აღორძინების კავშირი]“, – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.
 
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების განცხადებით, არჩევნები აჭარაში სერიოზული დარღვევების გარეშე ჩატარდა.
 







ჟვანია, აჭარაში ვიზიტისას, ორჯერ შეხვდა აბაშიძეს
„მოხარული ვარ განვაცხადო, რომ არჩევნები აჭარაში სერიოზული დარღვევების გარეშე ჩატარდა და საარჩევნო პროცესი ავტონომიურ რესპუბლიკაში შემაშფოთებელი არ იყო“, – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ ჟურნალისტებს ასლან აბაშიძესთან ბათუმში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ.
 
„28 მარტის საპარლამენტო არჩევნები აჭარაში ნამდვილად წარმატებული იყო“, – დასძინა მან.
 
პრემიერ-მინისტრი, რომელიც სპეციალურად ჩავიდა აჭარაში არჩევნებზე მონიტორინგის განხორციელების მიზნით, ამბობს, რომ მან თავისი მისია აჭარაში შეასრულა.
 
პარლამენტის თავჯდომარემ ნინო ბურჯანაძე, რომელიც მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერია, დადებითი შეფასება მისცა აჭარაში ჩატარებულ საპარლამენტო  არჩევნებს და განაცხადა 29 მარტს, რომ „მიუხედავად რამდენიმე პროცედურული დარღვევისა, არჩევნები აჭარაში ბევრად უფრო დემოკრატიულად ჩატარდა, ვიდრე წინა წლებში“.
 
თუმცა, ეუთოს, ევროპის საბჭოსა და ევროპარლამენტის დამკვირვებელთა წინასწარი შეფასება უფრო კრიტიკულია.
 
საერთაშორისო დამკვირვებელთა საერთაშორისო მისიის მიერ წინასწარი შეფასების თაობაზე 29 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ოპოზიციის წარმომადგენელთა და ჟურნალისტების დაშინებამ და შეურაცხყოფამ აჭარაში გარკვეული ჩრდილი მიაყენა საარჩევნო პროცესის ქვეყნის მასშტაბით.

მსგავსი/Related

Back to top button