ახალი ამბები

საქართველო ხელახალი არჩევნებით პარლამენტს ირჩევს







მესამე არჩევნები ბოლო ხუთი თვის განმავლობაში.
28 მარტის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბნები 8 საათზე გაიხსნა, მათ შორის აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაშიც. იქნება თუ არა პარლამენტი ერთპარტიული და რა მოხდება აჭარაში არჩევნების შემდეგ – ეს ის ორი ძირითადი საკითხია, რომელიც ყველაზე აქტუალურად დგას დღის წესრიგში, რადგან არჩევნებში გამარჯვებული უკვე ყველასათვის წინასწარ ცნობილია.

11 პარტია და 5 ბლოკი 150 საპარლამენტო მანდატისთვის იბრძოლებენ, რადგან 235 ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში 75 მანდატი უკვე დაკავებულია მაჟორიტარი დეპუტატების მიერ.

2003 წლის 25 ნოემბერს უზენაესმა სასამართლომ გააუქმა 2 ნოემბრის პროპორციული საპარლამენტო არჩევნების შედეგები. თუმცა, მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები დღემდე გაუგებარი მიზეზებით ძალაში დარჩა. არჩევნების შედეგების ნაწილობრივ გაუქმებამ შესაბამისად გამოიწვია, ნაწილობრივი ხელახალი არჩევნები.

საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ერთი დღით ადრე ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით ამომრჩეველთა რეგისტრაცია გავლილი აქვს 2,266,279 მოქალაქეს. კომისიის თავმჯდომარის ზურაბ ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, ეს იმ ამომრჩეველთა რაოდენობაა რომლებმაც 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რეგისტრაცია გაიარეს, რასაც დაემატა 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებისთვის 8-დან 21 მარტამდე რეგისტრირებულთა რაოდენობა. ამას არჩევნების დრეს რეგისტრაცია გავლილი ამომრჩევლის რაოდენობაც დაემატება, რის შემდეგაც განისაზღრება რაოდენობა.


როგორც მოსალოდნელია, პრეზიდენტ სააკაშვილის მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები“ დიდი უპირატესობით გაიმარჯვებენ არჩევნებში.


450 საერთაშორისო დამკვირვიბელეთან ერთად, რომლებიც ეუთოსა და ევროპის საბჭოს ეგიდით მოქმედებენ, არჩევნებს დაახლოებით 8,000 ადგილობრივი დამკვირვებელიც გაუწევს მონიტორინგს.


მათი განსაკუთრებული ყურადღება აჭარისკენ არის მიმართული.


დღეს აჭარიში, პრეზიდენტის დავალებით, არჩევნებს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია დაესწრება, რათა ადგილზე გაუწიოს მონიტორინგი იქ არსებულ ვითარებას.


„დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. უნდა დავამტკიცოთ, რომ დემოკრატიული ქვეყანა ვართ. არჩევნების მშვიდობიანი ჩატარება მნიშვნელოვანია მთელს საქართველოში, განსაკუთრებით აჭარაში. მე დღეს განმავლობაში შევხვდები ავტონომიის ლიდერს. მე მას უკვე ვესაუბრე ტელეფონით გუშინ,“ – განუცხადა ჟურნალისტების პრემიერ მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ თბილისში ხმის მიცემის შემდეგ, რასაც მისი აჭარაში გამგზავრება მოჰყვა.


ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გვიან 27 მარტს განაცხადა, რომ აჭარიდან „შემაშფოთებელი ცნობები მოდის.“


მისი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებზე ზეწოლა ხორციელდება.


გაყალბების შიში ახალი ხელისუფლების ოპოზიციასაც გააჩნია. მართალია ოპოზიციური პარტიები აღიარებენ, რომ მმართველი პარტია მოსახლეობაში მაღალი რეიტინგით სარგებლობს, თუმცა მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება გაყალბების გზით უფრო მეტი ხმების მოპოვებას შეეცდება.


„დემოკრატიული აღორძინების კავშირი,“ „მემარჯვენე ოპოზიცია,“ „ლეიბორისტული პარტია,“ „ედპ-ტრადიციონალისტები“ – ეს ის ძირითადი ოპოზიციური პარტიებია, რომლებიც  7% ბარიერის გადალახვისათვის იბრძოლებენ. თუმცა, პოლიტიკური მიმომხილველები, საკმაოდ გაკვირვებულნი დარჩნენ ახლადშექმნილი მოძრაობა „თავისუფლების“ აქტიურობით, რომლის ლიდერმა კონსტანტინე გამსახურდიამ (ზვიად გამსახურდიას უფროსი ვაჟი) წინასაარჩევნო კამპანია შვეიცარიიდან დაბრუნების შემდეგ, არჩევნებამდე ათი დღით ადრე დაიწყო.

მსგავსი/Related

Back to top button