
ზურაბ ჟვანიამ და ასლან აბაშიძემ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
სახელმწიფო მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერმა ასლან აბაშიძემ 20 დეკემბერს ოთხსაათიანი მოლაპარაკებები გამართეს ბათუმში, თუმცა რაიმე კონკრეტულ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ორივე მათგანმა დადებითი შეფასება მისცა მოლაპარაკებებს და პირობა დადეს დიალოგის გაგრძელების თაობაზე.
ბათუმში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე ასლან აბაშიძემ განაცხადა, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ კონსტიტუციის ფარგლებში უნდა იმოქმედოს.
ასლან აბაშიძე ქვეყნის ახალ ხელისუფლებას „უკანონოდ“ მიიჩნევს და 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების ბოიკოტირებით იმუქრება, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არჩევნებს ივნისამდე არ გადადებს.
„მე ჩამოვედი, რათა თანამშრომლობის ახალ დონეს მივაღწიო ცენტრალურ ხელისუფლებასა და აჭარის ხელისუფლებას შორის. ჩვენ ამ მიმართულებით წინ მივიწევთ. ჩვენ ნამდვილად უნდა შევთავაზოთ აჭარას კონსტიტუციაზე დაფუძნებული არგუმენტები“, – განაცხადა ზურაბ ჟვანიამ.
როგორც ზურაბ ჟვანიამ, ასევე ასლან აბაშიძემ კატეგორიულად გამორიცხეს აჭარის გამოყოფა საქართველოდან.
„მითები აჭარის სეპარატისტული ტენდენციების თაობაზე უკვალოდ გაქრა“, – აღნიშნა ზურაბ ჟვანიამ.
პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელს ნინო ბურჯანაძესა და ასლან აბაშიძეს შორის 10 დეკემბერს გამართული მოლაპარაკებები თითქმის ანალოგიური შედეგით დასრულდა. მხარეებმა რაიმე კონკრეტულ გადაწყვეტილებას მაშინაც ვერ მიაღწიეს.