skip to content
ახალი ამბები

პაუელმა ეუთოს საქართველოს მხარდაჭერისკენ მოუწოდა

(თბილისი, 2 დეკემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – 2 დეკემბერს ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა განაცხადა, რომ “საერთაშორო საზოგადოებამ ყველანაირად უნდა დაუჭიროს მხარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას”.

“ყოვლად დაუშვებელია იმ ელემენტების მხარდაჭერა, რომლებიც ცდილობენ შეასუსტონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა”, – განაცხადა კოლინ პაუელმა. 

საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა ნინო ბურჯანაძემ 1 დეკემბერს მაასტრიხტში ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთი თავისი ცალმხრივი გადაწყვეტილებებით ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

მოქმედი პრეზიდენტი მოსკოვში ჩატარებულ მოლაპარაკებებს გულისხმობდა, რომლის დროსაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრს რაულ ხაჯიმბას და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ედუარდ კოკოითს შეხვდა.

კოლინ პაუელი 2 დეკემბერს ნინო ბურჯანაძეს შეხვდა და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ უზრუნველყონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება.

კოლინ პაუელთან შეხვედრის შემდეგ ნინო ბურჯანაძე ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც იგი ევროკავშირის წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჰავიერ სოლანას შეხვდება. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button