ახალი ამბები

ჟვანია მთავრობის რეფორმირებას გეგმავს

(თბილისი, 1 დეკემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – სახელმწიფო მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რევოლუცია ჯერ არ დასრულებულა.

“რეალური რევოლუცია ახლა იწყება. ჩვენ მმართველობის ახალ სტილს შევქმნით და მიზნად ვისახავთ არსებული სისტემის ძირეულ რეორგანიზაციას. ჩვენი პოლიტიკა მიმართულია იმ ბიუროკრატიული ბარიერების გაუქმებისკენ, რომლებიც აქამდე არსებობდა”, – განაცხადა ჟვანიამ ბრიფინგზე.

მან ხაზგასმით აღნიშნა ახალი საკადრო პოლიტიკის განხორციელების აუცილებლობა და მოსახლეობას ქვეყნის ახალ ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

“ჩვენ შესაძლოა შეცდომები დავუშვათ. თუმცა მზად ვიქნებით ვაღიაროთ ისინი და მოსახლეობასთან ერთად გამოვასწოროთ. ყველა ამ შეცდომას ჩვენ საჯაროდ განვიხილავთ”, – განაცხადა ჟვანიამ.

“შეიქმნება სპეციალური ჯგუფი, რომელიც შექმნის მონაცემთა ბაზას, სადაც მოხდება ყველა იმ ადამიანის რეგისტრაცია, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი გამოცდილება და შეუძლიათ დაეხმარონ თავიანთ ქვეყანას სხვადასხვა სფეროში. ნებისმიერ სახელმწიფო სტრუქტურაში კადრების შერჩევა მოხდება კონკურსის საფუძველზე. ზოგიერთი პიროვნება ცდილობს ჩვენს მოსყიდვას, რათა მაღალი თანამდებობები მიიღონ ახალ მთავრობაში. ისინი ამაოდ ცდილობენ ამას. გავიდა ის დრო, როცა მაღალი თანამდებობის პირთა ნათესავები იკავებდნენ სხვადასხვა პოსტებს”, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

“ჩვენი პოლიტიკის პრიორიტეტს წარმოადგენს რეალური ბრძოლა კორუფციასთან. ყველა ის პირი, ვინც პასუხისმგებელია ხალხის ქონების მითვისებაზე, აუცილებლად აგებს პასუხს კანონის წინაშე”, – აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, ქვეყნის ახალი ხელმძღვანელობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ იმედები არ გაუცრუოს იმ ხალხს, რომელიც მათ უკან იდგა “ხავერდოვანი რევოლუციის” დროს.

“ჩვენ ახალ, სუფთა ფურცელს ვშლით ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ”, – დასძინა სახელმწიფო მინისტრმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button