skip to content
ახალი ამბები

პარლამენტმა ცსკო-ს ახალი თავჯდომარე აირჩია

(თბილისი, 1 დეკემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარედ 30 ნოემბერს ზურაბ ჭიაბერაშვილი 106 ხმით 1 წინააღმდეგ აირჩია.

ზურაბ ჭიაბერაშვილი “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე მუშაობდა. როგორც ცნობილია, სწორედ ამ ორგანიზაციამ განახორციელა 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების დროს ხმების პარალელური დათვლა.

სწორედ სხვაობა ხმების პარალელურ დათვლასა და ოფიციალურ შედეგებში გახდა ძლიერი ბერკეტი ოპოზიციის ხელში იმის დასამტკიცებლად, რომ ხელისუფლებამ არჩევნების შედეგები გააყალბა.

ზურაბ ჭიაბერაშვილის კანდიდატურა მოქმედმა პრეზიდენტმა ნინო ბურჯანაძემ წარადგინა.

ნინო ბურჯანაძემ ასევე გამოიწვია ცსკო-ს ის ხუთი წევრი, რომლებიც ექსპრეზიდენტ შევარდნაძის მიერ იყვნენ დანიშნულები.

თუმცა, ამით ცსკო-ს წევრების შეცვლა არ დასრულებულა, რადგანაც კანონმდებლები კომისიის დაკომპლექტების წესში ცვლილებების შეტანას გეგმავენ. 

Back to top button