ახალი ამბები

შევარდნაძე რეფერენდუმს კანონიერად მიიჩნევს

(თბილისი, 15 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი არ ეთანხმება ზოგიერთი იურისტის მოსაზრებას და 2 ნოემბერს დანიშნულ რეფერენდუმს კანონსაწინააღმდეგო ქმედებად არ მიიჩნევს. მისი თქმით, კანონდარღვევა იქნებოდა, თუ იგი არ გაითვალისწინებდა არასამთავრობო ორგანოზაციების და 200 ათასი მოქალაქის მოთხოვნას რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ, რომელმაც უნდა გაარკვიოს, უჭერს თუ არა მოსახლეობა მხარს პარლამენტის დეპუტატთა რაოდენობის 235-დან 150-მდე შემცირებას.

“ჩვენ ეს საკითხი განვიხილეთ იურისტებთან ერთად და არანაირ დარღვევას ადგილი არ აქვს. რეფერენდუმის შედეგები მომავალი მოწვევის პარლამენტს შეეხება. 2 ნოემბერს არჩეულ პარლამენტს კი შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ მოუწევს მსჯელობა და გადაწყვეტილების მიღება”, – განაცხადა ორშაბათის ტრადიციულ რადიოინტერვიუში 15 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა.

ედუარდ შევარდნაძემ 2 ნოემბერს რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ ბრძანებულებას 3 სექტემბერს მოაწერა ხელი. რეფერენდუმზე მოსახლეობა დააფიქსირებს, სურს თუ არა დეპუტატთა რაოდენობის შემცირება. რეფერენდუმის შედეგები 2007 წლის პარლამენტის მიმართ ამოქმედდება, რასაც ეწინააღმდეგება და კანონდარღვევად მიიჩნევს იურისტი დავით უსუფაშვილი, რადგან, მისი თქმით, არსებული კანონმდებლობით რეფერენდუმის შედეგები ძალში ერთ თვეში შედის და დეპუტატთა რაოდენობის შემცირება 2 ნოემბერს არჩეულ პარლამენტზე უნდა ამოქმედდეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button