skip to content
ახალი ამბები

შევარდნაძე ოპოზიციას შეხვედრას სთავაზობს არჩევნებთან დაკავშირებით

(თბილისი, 15 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვედრას სთავაზობს, სადაც უმთავრეს საკითხზე – საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარების შესახებ იმსჯელებენ.

“ოპონენტებს არ ვურჩევდი პრეზიდენტთან მისასვლელი ყველა ხიდის დაწვას. მე ადრეც ყოველთვის მზად ვიყავი ოპოზიციასთან თანამშრომლობისთვის და ახლაც გამოვთქვამ ამ სურვილს, რათა შევთანხმდეთ არჩევნების სამართლიანად ჩატარებაზე. მე არცერთი მათგანი ჩემს მტრად არ მიმაჩნია”, – განაცხადა დღევანდელ ტრადიციულ რადიოინტერვიუში ედუარდ შევარდნაძემ.

იგი ურჩევს ოპოზიციას არჩევნების დროს არ გამოიყენონ “შავი პიარი”. მისი თქმით, ამაზე უარი უნდა თქვან როგორც სახელისუფლებო ბლოკის წარმომადგენლებმა, ისე ოპოზიციამ.

პრეზიდენტი სახელისუფლებო ბლოკის გამარჯვებაში დარწმუნებულია და კმაყოფილი იქნება თუ არჩევნებში წარმატებას მიაღწევენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც. შევარდნაძე დადებითად აფასებს სახელისუფლებო ბლოკში ყოფილი სახელმწიფო მინისტრის ვაჟა ლორთქიფანიძის, პარლამენტის წევრების ირაკლი ბათიაშვილის, გიორგი ყარყარაშვილის და აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ხელმძღვანელის თამაზ ნადარეიშვილის გაწევრიანებას. 

პრეზიდენტის თქმით, ამ ადამიანების ბლოკში მოსვლა მნიშვნელოვანია იმით, რომ ერთობლივად მოხდება აფხაზეთის დაბრუნების და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი განხილვა. პრეზიდენტი მოსახლეობას პირდება, რომ არჩევნებამდე ბლოკში კიდევ ბევრ ნაცნობ ადამიანს იხილავენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button