ახალი ამბები

შევარდნაძე აცხადებს, რომ არ აიძულებს პარლამენტს “ბეიკერის გეგმის” მიღებას

(თბილისი, 4 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – “ვიცი, რომ შეერთებული შტატები და ჯეიმს ბეიკერი უკმაყოფილონი არიან იმით, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ვერ შეძლო “ბეიკერის გეგმის” განხორციელებასთან დაკავშირებით დადებული პირობის შესრულება [საარჩევნო კოდექსის თაობაზე]. ეს [ახალი საარჩევნო კოდექსის მიღება] პარლამენტზეა დამოკიდებული. რანაირად შემიძლია მე ჩავერიო პარლამენტის მუშაობაში? ამერიკის პრეზიდენტი ერევა სენატის საქმიანობაში? რა თქმა უნდა არა”, – განაცხადა შევარდნაძემ.

საქართველოს პარლამენტმა აშშ-ის რეკომენდაციებზე დაფუძნებული ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკო) დაკომპლექტების წესის მიღება ვერ შელო 2 აგვისტომდე, როგორც ეს ამ რეკომენდაციებშივე იყო განსაზღვული.

პარლამენტის სახელისუფლებო ფრაქციები, ასევე აღორძინებისა და მრეწველთა ფრაქციები “ბეიკერის გეგმის” წინააღმდეგ გამოდიან, რაც ოპოზიციის პროტესტს იწვევს. ოპოზიციონერთა განცხადებით, პრეზიდენტს სურს არსებული საარჩევნო კომისია შეინარჩუნოს.

შევარდნაძემ მოუწოდა ოპოზიციურ პარტიებს მხედველობაში მიირონ “აღორძინების” მოთხოვნები. აღორძინების კავშირი, ოთხ ადგილს მოითხოვს ცსკო-ში, მაშინ როცა სხვა ოპოზიციური პარტიები, “მრეწველთა” გამოკლებით, ადგილების პარიტეტულ საფუძველზე გადანაწილებას მოითხოვენ, რის შედეგადაც თითო ოპოზიციურ პარტიას თითო ადგილი შეხვდება კომისიაში. მრეწველთა პარტია 2 ადგილს მოითხოვს.

“აღორძინების მოთხოვნა აბსოლუტურად გასაგები და საფუძვლიანია, ისევე როგორც მრეწველთა მოთხოვნა. მათ 7%-იანი ბარიერი გადალახეს 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში”, – აცხადებს პრეზიდენტი.

შვიდი ოპოზიციური პარტია, მათ შორის ნაციონალური მოძრაობა, გაერთიანებული დემოკრატები, ახალი მემარჯვენეები, ლეიბორისტული პარტია, ტრადიციონალისტები, ერთობა და ექს-პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეები თანახმა არიან თანაბრად გაინაწილონ ცხრა ადგილი ცსკო-ში, როგორც ამას “ბეიკერის გეგმა” ითვალისწინებს. ეს პარტიები აღორძინებასა და მრეწველებს “ბეიკერის გეგმის” დაბლოკვის მიზნით სახელისუფლებო ფრაქციებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button