ახალი ამბები

სოხუმის ხელისუფლება ციხიდან გაქცეულთა ძებნას განაგრძობს

(თბილისი, 8 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის სამართალდამცავები განაგრძობენ სოხუმის ციხიდან გაქცეული პატიმრების ძებნას. როგორც 8 აპრილს “სივილ ჯორჯიას” აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტმა ვალერი არშბამ აცნობა, არანაირი საგანგებო მდგომარეობა აფხაზეთში ამ გაქცევის გამო არ გამოცხადებულა, როგორ ამის შესახებ გუშინ საინფორმაციო საშუალებები აცხადებდნენ.

არშბას თქმით, აფხაზურ მილიციას მიეცა კონკრეტული დავალება გაქცეულთა ძებნის თაობაზე. მისივე თქმით, გაქცეულთა შორის იყვნენ სიკვდილმისჯილნიც, რომლებსაც ეს განაჩენი სხვადასხვა დანაშაულების გამო გამოუტანეს, თუმცა არშბას თქმით, არძინბას განკარგულებით, აფხაზეთში სასიკვდილო განაჩენის აღსრულება შეჩერებულია.

გაქცეულთა შორის, არსბას ინფორმაციით, ქართველებსა და ჩეჩნებთან ერთად იყვნენ ყაბარდოელი, ყარაჩაელი და აფხაზებიც. არშბას თქმით, ციხის თანამშრომელთა შორის იყვნენ მოღალატეები, რომლებმაც უბრალოდ გაათავისუფლეს პატიმრებო, ხოლო არანაირ შეიარაღებულ გაქცევას ადგილი არ ჰქონდა.

არშბამ ასევე უარყო საინფორმაციო საშუალებების ცნობები იმის თაობაზე, რომ პრემიერ-მინისტრ გენადი გაგულიას და მთავრობის განცხადება გადადგომის თხოვნის თაობაზე შეიძლება დაკავშირებული ყოფილიყო სიკვდილმისჯილთა გაქცევასთან. არშბას თქმით, განცხადების დაწერის მიზეზი გახდა მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკით უკმაყოფილო ზოგიერთი პოლიტიკური ძალის გადაწყვეტილება 10 აპრილს სოხუმში საპროტესტო შეკრების ჩატარების თაობაზე, სადაც მთავრობის გადადგომის მოთხოვნას აპირებდნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button