ახალი ამბები

სოხუმის მთავრობის ვიცე-პრეზიდენტი გაეროს დამკვირვებლების გატაცების გამო პასუხისმგებლობას თბილისს აკისრებს

(თბილისი, 6 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის დე-ფაქტო ვიცე-პრეზიდენტმა ვალერი არშბამ “სივილ ჯორჯიას” კორესპონდენტთან საუბრისას განაცხადა, რომ “გაეროს დამკვირვებელთა გატაცება საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად კოდორის ხეობის ტერიტორიაზე მოხდა, ამიტომ მთელი პასუხისმგებლობა მომხადი ინციდენტის გამო ქართულ მხარეს აკისრია”.

“ჩვენ მრავალჯერ გავაფრთხილეთ ქართული მხარე კოდორში შეიარაღებული კრიმინალების არსებობის თაობაზე. ასევე უშედეგოდ ვთხოვდით ოფიციალურ თბილისს განეიარაღებინა ეს ჯგუფები”, – განაცხადა არშბამ.

არშბას თქმით, კოდორის ხეობის ნაწილი, რომელიც აფხაზეთის მიერ კონტროლირდება უსაფრთხოა და შეუძლებელია გამტაცებლები მძევლებს აფხაზების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მალავდნენ.

გაეროს წარმომადგენლები – ორი დამკვირვებელი, ერთი ექიმი და ერთიც ადგილობრივი თარჯიმანი დაუდგენელმა პირებმა 5 ივნისს კოდორის  ხეობიდან გაიტაცეს გაეროს მისიისა და დსთ-ს სამშვიდობო ძალების ერთობლივი პატრულირებისას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button