ახალი ამბები

ევროპის საბჭოს დელეგაცია საარჩევნო რეფორმის დაჩქარებას მოითხოვს

ევროპის საბჭოს მონიტორინგის დელეგაციამ, რომელიც საქართველოს 3-4 ივნისს სტუმრობდა, აღნიშნა, რომ საარჩევნო სისტემის რეფორმირების მხრივ მცირე პროგრესი შეინიშნება და მრავალი ასპექტი კვლავაც გასარკვევი და დასახვეწი რჩება. დელეგაციამ ხაზი გაუსვა საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების პრობლემის მოგვარების აუცილებლობას.

ევროპის საბჭოს დელეგაცია საქართველოს მიერ ორგანიზაციაში გაწევრიანებისას ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას უწევს მონიტორინგს. დელეგაციის საქართველოში ეს უკანასკნელი ვიზიტი ქვეყანაში შექმნილ წინასაარჩევნო სიტუაციის გაცნობას მიეძღვნა.

“ჩვენ გადავწყვიტეთ ფოკუსირება ამ ეტაპზე არჩევნებზე გავაკეთოთ, რადგან სხვა ვალდებულებების შესრულება სწორედ ამ არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებაზეა დამოკიდებული, საქართველოს ბედი სასწორზე დევს” – განაცხადა 4 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე დელეგაციის წევრმა მათიას ეორშმა.

ორკაციანმა დელეგაციამ შეხვედრები გამართა პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ოპოზიციურ და სახელისუფლებო ფრაქციებთან, სახალხო დამცველთან, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ყველა ეს შეხვედრა დახურული ფორმატით გაიმართა, რაც სტუმრების თქმით “მეტი გულწრფელობის ატმოსფეროს ქმნიდა”.

ბოლო ვიზიტისას, რომელიც ამა წლის თებერვალში შედგა, მონიტორინგის დელეგაციამ მკვეთრი შეფასებები მისცა საარჩევნო კანონმდებლობის გარშემო შექმნილ უმოქმედობას. მაშინ ისინი აცხადებდნენ, რომ ამ მიმართულებით სტატუს-ქვოს შენარჩუნების შემთხვევაში საქართველოს ევროსაბჭოში ყოფნა არ ყოფნის საკითხი დადგებოდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ასეთმა შეფასებებმა კატალიზატორის როლი ითამაშა და საარჩევნო კანონმდებლობის ირგვლივ მუშაობას ბიძგი მიეცა. სწორედ მათი რეკომენდაციები აიღო საფუძვლად ინტერფრაქციულმა ჯგუფმა და სახელმწიფო ქვეკომისიამ საარჩევნო კანონზე მუშაობისას მთავარ პრინციპებად.

“საქართველოს ევროსაბჭოდან გარიცხვის საკითხი არ დგას დღის წესრიგში, პირიქით ჩვენ ქვეყანას არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების შემთხვევაში უნიკალური შანსი ეძლევა, რომ გახდეს სამოდელო ქვეყანა პოსტსაბჭოთა სივრცეში”, განუცხადა “სივილ ჯორჯიას” საქართველოს პარლამენტის ევროპის საბჭოში საქართველოს დელეგაციის წევრმა არმაზ ახვლედიანმა.

სტუმრები პროგრესულად მიიჩნევენ საარჩევნო კოდექსში ცვლილებათა იმ პაკეტს, რომელიც ტექნიკურ საკითხებს ეხება და უმნიშვნელოვანესია პროცესის გამჭვირვალეობის თვალსაზრისით. თუმცა პარლამენტს არც ეს შეთანხმებული ვარიანტი მიუღია ჯერ.

“გარკვეული ნაბიჯების უკვე გადადგმულია საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწის თვალსაზრისით, თუმცა დრო ცოტა რჩება და დაწყებული საქმე უმოკლეს დროში ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი, თუ მალევე არ იქნა შეთანხმება მიღწეული, მაშინ საქართველო სერიოზულ შიდა და საგარეო პრობლემებს წააწყდება”, განაცხადა 4 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე Eევგენი კირილოვმა.

ძირითად პრობლემად მაინც საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესი რჩება. დელეგაციის წევრები რეკომენდაციას პარტიული პრინციპით დაკომლექტებულ სამივე დონის საარჩევნო კომისიებს აძლევენ.

“მთავრია ყველა პარტია ენდოს კომისიებს, რისი მიღწევაც ურთიერთკონტროლის მექანიზმის შექმნით შეიძლება, საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და იმედი მაქვს, რომ თავად შეძლებს კომისიების დაკომპლექტებას, საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობის გარეშე”, განაცხადა Eევგენი კირილოვმა პრესკონფერენციაზე.

მონიტორინგის კომიტეტის წევრებისთვის მიუღებელია იმ სახის კომისიები, რომელიც მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის მიერ კონტროლდება. ასეთი მაგალითები საქართველომ აჩვენა წინა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში.

“ევროსაბჭოს დელეგაცია შეშფოთებულია საარჩევნო კანონმდებლობის მიღების გაჭიანურებით, მათთვის გაუგებარია, როცა ხელისუფლება კომპრომისებზე საუბრობს და ამავე დროს ითხოვს მთლიანი რაოდენობის ნახევარს კომისიებში”, განაცხადა დელეგაციასთან 4 ივნისს გამართული შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ.

“თუკი ამ პრინციპით ჩატარდა ეს არჩევნებიც, მაშინ პოლიტიკურ პარტიებს შორის წინასაარჩევნოდ არსებული დაპირისპირება არჩევნების შემდეგაც გაგრძელდება, ასეთ შემთხვევაში პოლიტიკურ პარტიებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ ეჭვი შეიტანონ კომისიების მიკერძოებულ გადაწყვეტილებებში”, აცხადებს მათიას ეორში.

დელეგაციის წევრებმა შეშფოთება გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიები ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების საკითხს წინა საარჩევნო კამპანიისთვის იყენებენ, საარჩევნო სისტემის დახვეწას ხელს უშლის.

“საქართველოში პოლიტიკური პარტიები ერთმანეთის კრიტიკით არიან დაკავებულები, მაშინ, როცა ძირითადი აქცენტი არჩევნების წინ სოციალურ, ეკონომიკურ, აგრარულ და სხვა სახის საკითხებზე უნდა კეთდებოდეს” – განაცხადა მათიას ეორშმა.

ნინო ხუციძე, სივილ ჯორჯია

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button