ახალი ამბები

სავალუტო ფონდის მისია ელექტროენერგიაზე ტარიფის შემცირების წინააღმდეგია

(თბილისი, 21 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისია, რომელიც საქართველოში ათდღიანი ვიზიტით იმყოფება ელექტროენერგიის ტარიფის შემცირებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს.

“მისიის წარმომადგენლები პრეტენზიას გამოთქვამენ ტარიფის ხშირ ცვლასთან, კერძოდ კი შემცირებასთან დაკავშირებით,” განაცხადა სსფ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრმა დავით მირცხულავამ.

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ  (სემეკი) თებერვლის დასაწყისში მიიღო გადაწყვეტილება ელექტროენერგიის ტარიფის 1,8 თეთრით შემცირების შესახებ.

სემეკმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა ლეიბორისტული პარტიის სარჩელი და სემეკს ახალი, შემცირებული ტარიფის დადგენა მოსთხოვა.

“მიუღებელი და დაუშვებელია ის ფაქტი, რომ პოლიტიკური პარტიები წინასაარჩევნოდ ისეთი ნაბიჯებს დგამენ, რომელიც ქვეყნისთვის არ არის სასიკეთო,” განაცხადა დღეს სახელმწიფო მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button