ახალი ამბები

სათათბირო რუსეთ-საქართველოს ურთიეთობის შესახებ დოკუმენტს ამზადებს

(თბილისი, 13 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – დღეს რუსეთის სათათბირო განიხილავს დოკუმენტის პროექტს “რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ”, სადაც ნათქვამია, რომ “რუსეთის პრეზიდენტს აქვს უფლება აწარმოოს ყველაზე აქტიური ქმედებები რუსეთის მოქალაქეების დასაცავად” და რომ “რუსეთის მხარეს აქვს უფლება აწარმოოს ოპერაცია საქართველოს ტერიტორიაზე”.

დოკუმენტის პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ არსებულ ვითარებაში რუსეთს მიზანშეწონილად მიაჩნია შეაჩეროს მუშაობა რუსეთსა და საქართველოს შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და მშვიდობიანი ურთიერთობის შესახებ ჩარჩო-ხელშეკრულებაზე.

“ჩეჩენთა ბანდფორმირებანი საერთაშორისო ტერორისტების მხარდაჭერითა და საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობის პირობებში დაუბრკოლებლად აწყობენ შეიარაღებულ თავდასხმებს საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ტერიტორიაზე, რაც საფრთხეს უქმნის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა, ასევე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მაცხოვრებელთა სიცოცხლესა და უსაფრთხოებას,” ნათქვამია განცხადების პროექტში.

“რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ” დოკუმენტის პროექტი სათათბიროს საგარეო საქმეთა, დსთ-სთან ურთიერთობისა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტებმა შეიმუშავეს. დოკუმენტის ალტერნატიული პროექტი წარადგინეს ლიბერალებმა, რომელშიც ნათვამია, რომ საქართველოში შეჭრის ნებისმიერი მცდელობა რუსეთისთვის აბსოლუტური კატასტროფით დასრულდება.

მსგავსი/Related

Back to top button