ახალი ამბები

ივანოვი პანკისში რუსეთის ჯარების შეყვანას მოითხოვს

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 29 ივლისი, 2002) – პანკისის ხეობის პრობლემის მოგვარება შეუძლებელია რუსეთის შეიარაღებული ძალებისა და სპეცსამსახურების მონაწილეობის გარეშე, – განაცხადა 29 ივლისს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა.

რადიოსადგურ “ეხო მოსკვის” ცნობით, ივანოვმა აღნიშნა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ რჩებიან ტერორისტების მსხვილი ბანდები, რომელთაც თბილისი ვერ უმკლავდება.

რუსეთის საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ჩეჩნეთ-საქართველოს საზღვართან მიმდინარე ბრძოლებში საქართველოდან გადასული ჩეჩენი მებრძოლები მონაწილეობენ.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები და ქართველი მესაზღვრეები უარყოფენ ინფორმაციას საქართველოს მხრიდან საზღვრის მიმართულებით უცხო პირთა გადაადგილების თაობაზე.

დღევანდელ რადიოინტერვიუში პრეზიდენტმა შევარდნაძემ განაცხადა, რომ საზღვრის დაცვასტან დაკავშირებით პასუხისმგებლობა რუსმა მესაზღვრეებმაც უნდა იკისრონ.

Back to top button