
ხაბურძანიას თქმით, საქართველოდან რუსეთში მებრძოლები არ გადასულან
(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 29 ივლისი, 2002) – “საქართველო-რუსეთის საზღვარს ეუთოს დამკვირვებლები და ქართველი მესაზღვრეები აკონტროლებენ. მათ საზღვრის ამ მონაკვეთში [ჩეჩნეთის საზღვარზე] მებრძოლთა გადაადგილება საერთოდ არ შეუნიშნავთ”, განაცხადა დღეს უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში საუბრისას ხაბურძანიამ ისაუბრა რუსეთის მიერ გავრცელებულ ცნობებზე, თითქოს ჩეჩენი ბებრძოლები რუსეთში პანკისის ხეობიდან გადავიდნენ. ამ დროისთვის ჩეჩნეთის იტუმ-კალეს რაიონში რუსეთის ფედერალურ ჯარსა და ჩეჩენ მებრძოლებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს. როგორც საქართველოს უშიშროების მინისტრმა აღნიშნა, შეტაკებები საქართველოს ტერიტორიიდან 12 კილომეტრის მანძილის დაშორებით მიმდინარეობს. ხაბურძანიამ შეტაკებების საქართველოს ტერიტორიაზე გაგრძელება გამორიცხა. რუსული მხარის მტკიცებით, საქართველოდან რუსეთში გადასული ჩეჩენი მებრძოლები საველე მეთაურის რუსლან გელაევის რაზმის წევრები არიან. ხაბურძანიას თქმით, ის გელაევის ადგილმდებარეობის შესახებ ამ წუთისთვის ინფორმაციას არ ფლობს. უშიშროების მინისტრი ირწმუნება, რომ სიტუაცია პანკისის ხეობაში ადრინდელთან შედარებით უკეთესია. ჩატარებული აღრიცხვის თანახმად, პანკისის ხეობაში 3 700 ჩეჩენი ლტოლვილი ცხოვრობს.