
საქართველო და რუსეთი ჩარჩო-ხელშეკრულებას განიხილავენ
(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 23 ივლისი, 2002) – საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლები დღეს მოსკოვში ჩარჩო-ხელშეკრულების დეტალებს განიხილავენ. ექსპერტებთან კონსულტაციის შემდეგ 24 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი ჩარჩო-ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს გამართავს რუსეთის სათათბიროს დსთ-ის ქვეყნებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარესთან ბორის პასტუხოვთან. მენაღარიშვილი მოკოვში დღეს მიემგზავრება. ქართველი ჩინოსნები ხელშეკრულების გარშემო მოლაპარაკებებს იმედით უყურებენ. ყველაზე პრობლემატურ საკითხს ხელშეკრულების ის ნაწილი წარმოადგენს, სადაც სამხედრო თანამშრომლობაზეა საუბარი. საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის თავკაცებმა ჩარჩო-ხელშეკრულებას მეგობრობის, მშვიდობიანი ურთიერთობისა და თანამშრომლობის შესახებ ჯერ კიდევ 1994 წლის 3 ნოემბერს მოაწერეს ხელი. მაშინ დოკუმენტმა რატიფიკაცია გაიარა საქართველოს პარლამენტში, თუმცა რუსეთის სათათბირომ მის რატიფიკაციაზე უარი თქვა.