ახალი ამბები

შეიარაღებული ძალების სარდლობის საგანგებო თათბირი

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 19 ივლისი, 2002) – თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ და გენერალური შტაბის უფროსმა ჯონი ფირცხალაიშვილმა საგანგებო თათბირი გამართეს შეიარაღებული ძალების სარდლობასთან, სადაც ოფიცერთა ნაწილის მიერ სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ დაკავშირებით პატაკების დაწერასთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაცია განიხილეს.

თათბირის შემდეგ სარდლობასთან მივიდა სახმელეთო ჯარების სარდლის მოვალეობის შემსრულებელი ნიკა ჯანჯღავა, რომელიც იმ ოფიცერთა შორის იყო, რომლებმაც არმიიდან წასვლა გადაწყვიტეს. დაიწყო მოლაპარაკებები შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.

დღეს “კომანდოსის” ბატალიონისა და კოჯრის ბატალიონის 100-მდე ოფიცერმა პატაკით მიმართა ხელმძღვანელობას სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ. როგორც ჯანჯღავამ  განაცხადა, ოფიცრებმა არმიიდან წასვლა იქ შექმნილი გაუსაძლისი პირობების გამო გადაწყვიტეს.

დღესვე სარდლობის თათბირის დაწყებამდე თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჯანჯღავა გათავისუფლებული იქნება თანამდებობიდან სამსახურებრივი ინფორმაციის არასანქცირებული გავრცელების გამო.

ჯანჯღავა ერთ-ერთი ქართველი მაღალჩინოსანი ოფიცერი იყო, რომელმაც განათლება აშშ-ის ერთ-ერთ სამხედრო აკადემიაში მიიღო.

უახლოეს დღეებში საქართველოში ქართული ანტიტერორისტული სამხედრო შენაერტების “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის მესამე ფაზის განხორციელება უნდა დაიწყოს, რომლის მსვლელობისას ქართველი მეომრები პრაქტიკულ სამხედრო წვრთნებს გაივლიან. თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, იმ ოფიცერთა შორის, რომლებმაც არმიიდან წასვლა გადაწყვიტეს, სავარაუდოდ, ისინიც უნდა იყვნენ, რომელთაც ამ პროგრამაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს.

როგორც “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას დამოუკიდებელმა სამხედრო ექსპერტმა დავით დარჩიაშვილმა განაცხადა, ოფიცერტა ეს გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირში უნდა იყოს “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამასთან. უკანასკნელ დროს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არსებობენ ძალები, რომლებიც ამ პროგრამის ჩაშლით არიან დაინტერესებულნი.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბათიაშვილმა 18 ივლისს თავისი კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ ასეთი ძალები თავდაცვის სამინისტროშიც შეიძლება არსებობდნენ.

Back to top button