
საპარლამენტო კომიტეტი თავდაცვის დაუფინანსებლობისთვის მთავრობას აკრიტიკებს
(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 18 ივლისი, 2002) – “თავდაცვის სამინისტროს დაუფინანსებლობა ქვეყანაში გამოუვალ მდგომარეობას შექმნის,” განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბათიაშვილმა დღეს გამართულ კომიტეტის სხდომაზე. სხდომაზე განიხილეს თავდაცვისა და უშიშროების უწყებების გასული ექვსი თვის საბიუჯეტო საკითხები, ასევე მომავალი წლის ბიუჯეტის პარამეტრები. კომიტეტის წევრებმა მწვავედ გააკრიტიკეს ხელისუფლება და ფინანსთა სამინისტრო ძალოვანი სტრუქტურების არასაკმარისი დაფინანსების გამო. “აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს თავისი მოვალეობები. არ არის გამორიცხული ძალოვნების დაუფინანსებლობა ქვეყნის დესტაბილიზაციის საფუძველი გახდეს,” განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა. 2002 წლის პირველ ნახევარში თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის გარღვევამ უკვე 4 მილიონი ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც ამ უწყების მთლიანი ბიუჯეტი მიმდინარე წელს მხოლოდ 38 მილიონ ლარს შეადგენს.