
ახალი ამბები
შსს საკუთარ მუშაობაზე საუბრობს
(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 17 ივლისი, 2002) – შინაგან საქმეთა სამინისტრო უკანასკნელი 6 თვის ანგარიშით მასმედიის წარმომადგენლების წინაშე წარსდგა. მინისტრის კობა ნარჩემაშვილის განცხადებით, შსს მის ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად დანაშაულებების სწორად აღრიცხვასა და სტრუქტურულ და საკადრო რეორგანიზაციას ისახავს. “ის დანაშაულებები, რომელიც ადრე იმალებოდა, ახლა აღრიცხვაზე დადგა. გარდა ამისა, გახსნილი საქმეების რეალურ მაჩვენებელსაც მივუახლოვდით”, განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა. უკანასკნელ ექვს თვეში შსს-ში აღრიცხულია 8 ათასზე მეტი დანაშაული, ხოლო მათი გახსნის პროცენტული მაჩვენებელი, კობა ნარჩემაშვილის განცხადებით, 75%-ს სცილდება. უცხოელთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის 37 შემთხვევა გვხვდება და მათი უმრავლესობა თბილისზე მოდის, დასძინა მინისტრმა.