ახალი ამბები

ჩეჩნების რეპატრიაციაში საერთაშორისო ორგანიზაციებიც იქნებიან ჩართულნი

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 16 ივლისი, 2002) – “ჩეჩენ ლტოლვილთა რეპატრიაცია გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან, რუსეთთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით განხორციელდება”, განაცხადა დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა კახა სიხარულიძემ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა უარყო ხმები იმის შესახებ, რომ ქართული მხარე საქართველოში დარეგისტრირებული ჩეჩენი ლტოლვილების სიისა და მათი მონაცემების რუსეთისთვის გადაცემას აპირებს.

კახა სიხარულიძის თქმით, რეპატრიაცია, თუ ის დაიწყება, მხოლოდდამხოლოდ საერთაშორისო სამართლის ნორმებით განხორციელდება. ჩეჩნეთში დაბრუნების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა რეპატრირებულთათვის უსაფრთხოების გარანტიებს მოითხოვს.

ეს საკითხი 9-11 ივლისს რუსეთის ფედერაციის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ვლადიმერ რუშაილოს საქართველოში ვიზიტის დროსაც განიხილეს.

კახა სიხარულიძის თქმით, ლტოლვილების პრობლემის მშვიდობიან გადაწყვეტას მხარს რუსეთიც უჭერს.

მიმდინარე წლის აპრილში საქართველოში მცხოვრებ ჩეჩენ ლტოლვილთა რეგისტრაცია ჩატარდა, რომლის თანახმადაც საქართველოში დაახლეობით 3800 ჩეჩენი იმყოფება. მათი აბსოლუტური უმრავლესობა პანკისის ხეობას აფარებს თავს.

მსგავსი/Related

Back to top button