ახალი ამბები

საზოგადოების წარმომადგენელთა პროტესტი “თავისუფლების ინსტიტუტის” დარბევის გამო

(თბილისი, 11 ივლისი, “სივილ ჯორჯია”) – დღეს საქართველოს საზოგადოებრიობის, მასმედიისა და პარლამენტის წარმომადგენელთა შეხვედრაზე მიიღეს დეკლარაცია, რომლითაც დაგმეს არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფლების ინსტიტუტზე” 10 ივლისს განხორციელებული თავდასხმა.

10-მდე უცნობი “თავისუფლების ინსტიტუტის” ოფისში შეიჭრა და სასტიკად სცემა ამ ორგანიზაციის 6 თანამშრომელი წამყვანი აქტივისტების – ლევან რამიშვილისა და დავით ზურაბიშვილის ჩათვლით.

დავით ზურაბიშვილმა 11 ივლისს “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას განაცხადა, რომ “თავისუფლების ინსტიტუტზე” განხორციელებული თავდასხმა ლოგიკური შედეგია კრიმინალიზაციის პროცესისა, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენელთა ფარული მხარდაჭერით ხორციელდება.

“შეხვედრის მონაწილეები მიღებული დეკლარაციით ცდილობენ გავლენა მოახდინონ მთავრობაზე, რათა მან რეალური ბრძოლა დაიწყოს სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ზალადობისა და ზეწოლის აღსაკვეთად”, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

“თავისუფლების ინსტიტუტი” ცნობილია თავისი აქტიური ქმედებებით რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვის სფეროში, რის გამოც ხშირად იწვევს რადიკალების მხრიდან ზეწოლას.

უკანასკნელ დროს დეპუტატ გურამ შარაძის მომხრეებისა და გლდანის მართლმადიდებლური ეპარქიის მიმდევართა აქციაზე მუქარის განცხადებები გაკეთდა “თავისუფლების ინსტიტუტის” მიმართ.

მსგავსი/Related

Back to top button