ახალი ამბები

წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა III ეტაპისთვის ემზადება

(თბილისი, 10 ივლისი, “სივილ ჯორჯია”) – დრეს ბოლო ვადაა მათთვის, ვისაც საქართველოს წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის კომანდოს ბატალიონში ჩაწერა სურს. პროგრამის მესამე ეტაპის დასაწყისში ამერიკელი სამხედრო ექსპერტები სწორედ 500-კაციან კომანდოს ბატალიონს მოამზადებენ.

“ბატალიონი აუცილებლად შეივსება. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბატალიონში ჩაწერის მსურველი არ არიან, რის გამოც წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა შეიძლება შეწყდეს. ეს ინფორმაცია მთლიანად მცდარია”, განუცხადა “სივილ ჯორჯიას” თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა.

პროგრამის მესამე ეტაპზე წვრთნებს ასევე გაივლიან სამთო ბატალიონი, მსუბუქი ქვეითი ბატალიონი და სპეცდანიშნულების ძალები. მთლიანობაში ამერიკელი ექსპერტები 2000 ქართველ სამხედროს მოამზადებენ.

წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის II ფაზა, რომელიც საშტაბო სწავლებებს ითვალისწინებს, 2 აგვისტოს დასრულდება. III ფაზის დაწყება 27 აგვისტოს იგეგმება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button