ახალი ამბები

ევროსაბჭო საქართველოს ლტოლვილთა რეპატრიაციისთვის არ აჩქარებს

(თბილისი, 28 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს მთავრობას ურჩევს “თავი შეიკავოს ჩეჩენ ლტოლვილთა დაჩქარებული რეპატრიაციისგან, სანამ ჩეჩნეთში დაბრუნებულთა უსაფრთხოება საბოლოოდ არ იქნება უზრუნველყოფილი”.

ასამბლეის 27 ივნისს გამართულ სხდომაზე დეპუტატებმა დაამტკიცეს მიგრაციის, ლტოლვილთა და დემოგრაფიის კომიტეტის მიერ მომზადებული მოხსენება, რომელიც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ლტოლვილთა და დევნილთა საკითხებს შეეხება.

უკანასკნელად ჩატარებული აღწერის თანახმად, საქართველოში 4000-მდე ჩეჩენი ლტოლვილი ცხოვრობს და მათ უმრავლესობა ძირითადად პანკისის ხეობაში იმყოფება.

მიმდინარე წლის თებერვალში ქართული და რუსული მხარეები ჩეჩენ ლტოლვილთა სამშობლოში რეპატრიაციის შესახებ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში ქართული მხარე რუსეთისგან ლტოლვილთა უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს.

მსგავსი/Related

Back to top button