ახალი ამბები

საქართველომ და ლიტვამ სამხედრო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს

(თბილისი, 27 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – 26 ივნისს ლიტვის თავდაცვის მინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმა და მისმა ქართველმა კოლეგამ დავით თევზაძემ ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

საქართველოსა და ლიტვის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები კომისიის შექმნაზე შეთანხმდნენ. კომისიის მოვალეობა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე მუშაობა და შეთანხმებათა შემუშავება იქნება.

მხარეებმა ხელი მოაწერეს პროტოკოლს, რომლის თანახმადაც ერთი ქართველი ოფიცერი ლიტვაში ერთწლიან სამხედრო მომზადებას გაივლის.

ლიტვის თავდაცვის მინისტრი საქართველოში 5 დღით იმყოფება. ის მოინახულებს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მიმდინარე ნატოს სამხედრო წვრთნებს “კოოპერატივ ბესტ ეფორტ 2002”.

ლიტვის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლი საქართველოში უკვე მეორედ იმყოფება. მიმდიანარე წლის აპრილში თბილისს ლიტვის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ეწვია.    

მსგავსი/Related

Back to top button