ახალი ამბები

სკოტლანდ იარდი შოუს საქმის გამოძიებაში ერთვება

(თბილისი, 24 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – გუშინ გვიან ღამით საქართველოში სკოტლანდ იარდის ორი ექსპერტი ჩამოვიდა. ისინი ბრიტანელი ბიზნესმენის პიტერ შოუს საქმის გამოძიებაში მიიღებენ მონაწილეობას.

“ჩვენმა ბრიტანელმა თანამშრომლებმა გამოძიებაში ჩართვისა და ქართული პოლიციისთვის დახმარების გაწევის სურვილი გამოთქვეს”, განუცხადა დღეს “სივილ ჯორჯიას” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა პაატა გომელაურმა.

აგრობისზნესბანკის თანადირექტორი პიტერ შოუ თბილისიდან 18 ივნისს გაიტაცეს. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, შოუს გატაცების მიზეზი შესაძლოა მისი კომერციული საქმიანობა იყოს.

პოლიცია გატაცების შემთხვევაზე არაფერს ამბობს. “ამ ეტაპზე ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია საჯარო გავრცელებას არ ექვემდებარება”, განაცხადა გომელაურმა.


 

Back to top button