
ახალი ამბები
უშიშროების ჯილდო გატაცებულის შესახებ ინფორმაციისთვის
(თბილისი, 21 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს უშიშროების სამინისტრომ 15 ათასი ლარის ოდენობით ჯილდო დააწესა ინფორმაციისთვის გატაცებული ბრიტანეთის მოქალაქის პიტერ შოუს ადგილსამყოფელის შესახებ.
ასევე შექმნილია ცხელი სატელეფონი ხაზი (305613), მაგრამ ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ის ცნობით, გამოძიებას ჯერ-ჯერობით რაიმე საინტერესო ინფორმაცია არ მიუღია.
გამოძიება ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურიდან თავის თავზე აიღო საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ.
პოლიცია გადაყვანილია ყაზარმულ რეჟიმზე და პატრულები ჰყავს დაყენებული გზებზე.
საქართველოს აგრობიზნესბანკის დირექტორი პიტერ შოუ 3 დღის წინ გაიტაცეს. გამოძიების ძირითადი ვერსიით, გატაცების მიზეზი შეიძლება შოუს კომერციული საქმიანობა გამხდარიყო.