
ოთარ შალიკაშვილმა ქართველი მესაზღვრეები მოინახულა
(თბილისი, 15 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მთავარი მრჩეველი აშშ-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის სფეროში ოთარ შალიკაშვილი განაგრძობს საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ ქვედანაყოფების დათვალიერებას, რომლებიც ამერიკელმა სამხედრო ინსტრუქტორებმა ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად უნდა მოიამზადონ.
ამერიკელმა სტუმარმა უკვე მოინახულა ფოთის მესაზღვრეთა ნაწილი. თავდაცვის სამინისტროს 4 ბატალიონთან ერთად ამერიკელი ინსტრუქტორები მესაზღვრეთა ერთ ქვედანაყოფსაც გაწვრთნიან “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის ფარგლებში.
საქართველოში ვიზიტის დროს აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი ქართული ანტიტერორისტული ქვედანაყოფების “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის მსვლელობის ინსპექტირებას მოახდენს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკელ სამხედრო ინსტრუქტორთა ძირითადი ჯგუფი, 75 კაცის შემადგენლობით, საქართველოში 20 მაისს ჩამოვა. აშშ-ის შეიარაღებული ძალების სპეცოპერაციათა ევროპული სამმართველოს 20-კაციანმა ჯგუფმა უკვე ჩაატარა ლოგისტიკის სამუშაოები სამხედრო სპეციალისტთა ძირითადი ჯგუფის მისაღებად.