ახალი ამბები

პარლამენტის ფრაქციათა ლიდერები კონსულტაციებს მართავენ საპარლამენტო პოსტებთან დაკავშირებით

(თბილისი, 11 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – 11 მაისს საპარლამენტო ფრაქციათა ლიდერები პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან კონსულტაციებს მართავენ საპარლამენტო თანამდებობების თავიდან გადანაწილების საკითხზე.

10 მაისს პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეთა პოსტები ვაკანტური გახდა მას შემდეგ, რაც თავმჯდომარეთა უმრავლესობამ პოსტები საკუთარი ნებით დატოვა, ხოლო თავდაცვისა და Uუშიშროების კომიტეტის მეთაური გიორგი ბარამიძე კენჭისყრის შედეგად გადააყენეს.

კომიტეტების თავმჯდომარეთა შეცვლის ინიციატივით ფრაქცია “ახალი მემარჯვენეები” გამოვიდა, რომლის ლიდერებმაც ამ პროცედურის დაწყების მოტივად პარლამენტსა და ქვეყანაში შექმნილი “ახალი რეალობა” დაასახელეს.

კომიტეტების თავმჯდომარეთა უმეტესობა “მოქალაქეთა კავშირის” წარმომადგენლები და ზურაბ ჟვანიას მომხრეები იყვნენ. უზენაესმა სასამართლომ დაადასტურა თბილისის საოლქო სასამართლოს დადგენილება “მოქალაქეთა კავშირის” საორგანიზაციო კომიტეტისთვის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ, რის გამოც ზურაბ ჟვანიას პარტიაში ყოველგვარი უფლებამოსილება შეუწყდა.

პარლამენტის 16 კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა 14-მა ფრაქციამ უნდა გადაინაწილოს.

Back to top button