
პარლამენტში პოსტების გადანაწილება დაიწყო
(თბილისი, 10 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს პარლამენტში დაიწყო დისკუსია საპარლამეტო თანამდებობების გადანაწილებასთან დაკავშირებით,Yრაც პირველ რიგში კომიტეტების თავმჯდომარეების პოსტებს ეხება.
თითქმის ყველა კომიტეტის თავმჯდომარემ განცხადება გააკეთა საკუთარი ინიციატივით თანამდებობიდან გადადომის თაობაზე. გადადგომაზე უარს აცხადებს მხოლოდ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ბარამიძე, რომელიც მისი გადაყენების საკითხთან დაკავშირებით კენჭისყრის ჩატარებას ითხოვს.
თანამდებობიდან წასვლისთვის მზადყოფნა გამოხატა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიგი წერეთელმაც, თუმცა მისი თქმით, საამისოდ ჯერ გარკვეული პროცედურებია გასავლელი.
საკითხი საპარლამენტო თანამდებობების გადანაწილების თაობაზე დღის წესრიგში დაყენებული იქნა ფრაქციების: “ახალი მემარჯვენეების”, “სოციალისტების”, “აფხაზეთის”, “ალიანსი – ახალი საქართველო” და “თანადგომა” წევრების მიერ, რისთვისაც 147 ხელმოწერა იქნა შეკრებილი.
“იმის გამო, რომ პარლამენტში ახალი რეალობა შეიქმნა, აღარ არსებობს ძველი უმრავლესობა, ხოლო კომიტეტების თავმჯდომარეების პოსტები ძირითადად “მოქალაქეთა კავშირის” წარმომადგენლებს უკავიათ, საჭიროა თანამდებობების თავიდან გადანაწილება”, – განაცხადა ფრაქცია “ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა დავით გამყრელიძემ 10 მაისის საპარლამენტო სესიაზე.
საპარლამენტო უმრავლესობა გასული წლის შემოდგომაზე დაიშალა “მოქალაქეთა კავშირის” თავმჯდომარის პოსტიდან პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომის შემდეგ.