
აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი საქართველოში ჩამოვიდა
(თბილისი, 10 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მთავარი მრჩეველი აშშ-საქართველოს სამხედრო ურთიერთობების საკითხებში ოთარ შალიკაშვილი 9 მაისს საქართველოს ეწვია.
შალიკაშვილი თბილისში საქართველოს თავდაცვის მინისტრ დავით თევზაძესთან ერთად ჩამოვიდა, რომელიც 10-დღიანი ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა.
აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი ქართული ანტიტერორისტული სამხედრო ქვედანაყოფების “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის მიმდინარეობას შეამოწმებს. საქართველოდან გამგზავრების შემდეგ შალიკაშვილი პროგრამის მიმდინარეობის შესახებ ანგარიშს პენტაგონის ხელმძღვანელობას წარუდგენს.
დავით თევზაძის თქმით, ამერიკელ სამხედრო ინსტრუქტორთა მორიგი 75-კაციანი ჯგუფი საქართველოში 20 მაისს ჩამოვა.
ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების სპეცოპერაციათა მთავარი სამმართველოს ლოგისტიკის ჯგუფმა საქართველოში დაასრულა სამუშაოები ამერიკელ სამხედრო ექსპერტთა ძირითადი ჯგუფის მისაღებად.
150-მდე ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორი საქართველოში ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად 4 ბატალიონს გაწვრთნის.