ახალი ამბები

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კანდიდატთა სიები 22-მა პარტიამ წარადგინა

(თბილისი, 9 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – 2 ივნისს დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცსკ) პარტიული სიები 22-მა პარტიამ და პოლიტიკურმა ბლოკმა წარადგინა.

სიების წარდგენის ვადა 8 მაისს ამოიწურა. ცსკ-მ ხუთი დღის ვადაში უნდა გადაწყვიტოს, რომელ პარტიებს გაატარებს რეგისტრაციაში.

მოქალაქეთა კავშირმა ორი სია წარადგინა, ერთი ზურაბ ჟვანიას მომხრეებმა, მეორე – ლევან მამალაძის მხარდამჭერებმა.

ცსკ გადაწყვეტილებას, თუ რომელი სიის რეგისტრაცია მოახდინოს, სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად მიიღებს.

უზენაესი სასამართლო განიხილავს ზურაბ ჟვანიას სარჩელს მოქალაქეთა კავშირის საორგანიზაციო საბჭოს რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით. საბჭოს თავმჯდომარე ზურაბ ჟვანიაა.

იმ შემთხვევაში თუ უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საბჭოსთვის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ, ცსკ ჟვანიას მიერ წარმოდგენილ სიას არ მიიღებს.

ჟვანიას გუნდა თავი დაიზღვია და ცსკ-ს ქრისტიან-კონსევატიული პარტიის სახელით თავის მომხრეთა სიაც წარუდგინა.  

მსგავსი/Related

Back to top button