ახალი ამბები

ჟვანიას მომხრეები ადგილობრივ არჩევნებში ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის სიებით მიიღებენ მონაწილეობას

(თბილისი, 8 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – ზურაბ ჟვანიას გუნდის წევრები 2 ივნისისთვის დანიშნულ მმართველობის ადგილობრივი ორგანოების არჩევნებში ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის სიებით მიიღებენ მონაწილეობას.

დღეს 6 საათზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მსურველი პარტიების განაცხადების მიღება დაასრულა. ჟვანიას გუნდის საარჩევნო სიის შემადგენლობა ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, პირველი ადგილები ამ სიაში ელდარ შენგელაიამ, გიორგი ბარამიძემ და ელენე თევდორაძემ დაიკავეს.

დღესვე საქართველოს უზენაეს სასამართლოს უნდა განეხილა ზურაბ ჟვანიას სარჩელი თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც “მოქალაქეთა კავშირის” საორგანიზაციო საბჭოს რეგისტრაცია შეუწყდა და რის გამოც ჟვანიას მომხრეებს ადგილობრივ არჩევნებში საკუთარი სიებით მონაწილეობის საშუალება წაერთვა.

სასამართლოში ამ სარჩელის განხილვას, ფაქტიურად, აზრი დაკარგული აქვს, ამასთან, სასამართლოს სხდომა არ შედგა მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობის გამო და მოსმენა 3 დღით გადაიდო. თუმცა, ზურაბ ჟვანია სასამართლოში თავისი სარჩელის ბოლომდე გატანას მაინც აპირებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button