ახალი ამბები

ჟვანია სახელმწიფო მინისტრს პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს

(თბილისი, 8 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიას გუნდის წევრები ადგილობრივი ორგანოების არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ “მოქალაქეთა კავშირის” პარტიული სიებით, რადგან თბილისის საოლქო სასამართლომ არ გააუქმა თავისივე გადაწყვეტილება “მოქალაქეთა კავშირის” საორგანიზაციო საბჭოს რეგისტრაციის შეწყვეტის თაობაზე. საორგანიზაციო საბჭო, როგორც ცნობილია, ჟვანიას მომხრეებითაა დაკომპლექტებული.

ჟვანიას მომხრეები აპირებენ უზენაეს სასამართლოში შეიტანონ სარჩელი თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით.

7 მაისს გამართულ ბრიფინგზე ზურაბ ჟვანიამ განაცხადა, რომ მისი გუნდის წინააგმდეგ დაწყებულია პოლიტიკური ზეწოლა სახელმწიფო მინისტრ ავთანდილ ჯორბენაძის მხრიდან და სწორედ მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმ შედეგებზე, რაც ადგილობრივი არჩევნებიდან “მოქალაქეთა კავშირის” საორგანიზაციო საბჭოს ჩამოშორებას მოჰყვება.

8 მაისს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მსურველი პარტიების რეგისტრაციის საბოლოო ვადა იწურება.

ჟვანიას განცხადებით, მისი გუნდის წევრები ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას მაინც მიიღებენ სხვადასხვა პარტიებში გადანაწილებით, თუნდაც ნაციონალურ მოზრაობაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button