ახალი ამბები

ს.მ.კ – სასამართლო დავა

ჟვანია მოქკავშირისთვის ბრძოლას უზენაეს სასამართლოში აგრძელებს

მოქკავშირის რეფორმატორთა ფრთა ორი დღე დარჩა, რათა უზენაეს სასამართლოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აღიდგინოს.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ზურაბ ჟვანიას მომხრეები 7 მაისს აპირებენ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრონ თბილისის საოლქო სასამართლოს 29 აპრილის გადაწყვეტილება “საქართველოს მოქალაქეთა კავშირის” საორგანიზაციო კომიტეტისთვის, რომლის თავმჯდომარეც ზურაბ ჟვანიაა, რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე.

საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ზურაბ ჟვანიას ჩამოერთვა უფლება მიიღოს გადაწყვეტილებები, შესაბამისად, წარადგინოს პარტიული სია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

პარტიული სიების წარდგენის ბოლო ვადა 8 მაისს 18 სთ-ზე იწურება. მოქკავშირის რეფორმატორთა ფრთამ საოლქო სასამართლოს გასაჩივრება სწორედ ამ დრომდე უნდა მოასწროს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოქკავშირის რეფორმატორული ფრთა არჩევნებს გარეთ რჩება.

საოლქო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება მოქკავშირში არსებული ზურაბ ჟვანიას მოწინააღმდეგე დაჯგუფების წარმომაგენლების განცხადების საფუძველზე მიიღო. ამ ჯგუფს პრეზიდენტის მხარდამჭერი ქვემო ქართლის გუბერნატორი ლევან მამალაძე უდგას სათავეში.

როგორც რეფორმატორთა გუნდის წარმოამდგენელი მიხეილ მაჭავარიანი აცხადებს, საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ჟვანიას მომხრეებს არჩევნებიდან ჩამოაშორებენ, ხოლო თავიანთ მომხრეებს პრეზიდენტთან დაახლოებულ სხვადასხვა პარტიებში გადაანაწილებენ და მათი მეშვეობით შეიყვანენ ადგილობრივ საკრებულოებში.

3 მაისის შემდეგ ჟვანია სამჯელ შეხვდა პრეზიდენტ შევარდნაძეს. პარტიის მომავალ ბედთან ერთად, არსებული მდგომარეობიდან გამოსავალი და პარტიული სიების შეთანხმება კონსულტაციების ძირითადი საგანი იყო.

“ჩვენ უნდა გამოვნახოთ გზები შექმნილი მდგომარეობიდან და მივცეთ პარტიას არჩევნებში მონაწილეობის საშუალება,” განაცხადა ზურაბ ჟვანიამ 6 მაისს პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

ჟვანიამ კვლავ დაადასტურა, რომ იგი არცერთ შემთხვევაში მამალაძესთან და ის მომხრეებთან ერთ პარტიაში არ დარჩება.

“მოქალაქეთა კავშირი დარჩება როგორც პოლიტიკური ძალა. მე და ჩემი მეგობრები ამჟამად ვმუშაობთGყველა ჯგუგთან, მათ შორის ჟვანიასთანაც, რომელაც მე უკვე შევხვდი. წინაპირობა ისეთია, რომ პარტია გადარჩება,” განაცხადა პრეზიდენტმა შევარდნაძემ 6 მაისს.

“მოქალაქეთა კავშირის” ხელში ჩასაგდებად ბრძოლა ღიად მას შემდეგ დაიწყო, რაც რეფორმატორებმა განაცხადეს, რომ მათ პარტიის ოპოზიციურად გარდაქმნა სურდათ. ეს კი ნიშნავდა, რომ მამალაძის მხარდამჭერები პარტიის გარეთ აღმოჩნდებოდნენ.

მათი ბოლო სვლა რეგისტრაციის შეჩერებასთან დაკავშირებით ჟვანიას გუნდისთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა. ამით ჟვანია იძულებული გახდა პრეზიდენტთან მოლაპარაკებებზე წასულიყო და როგორც ჩანს პარტიული სიების შედგენისას რეფორმატორებს გარკვეული დათმობების გაკეთებაც მოუწევთ.

სავარაუდოდ “მოქალაქეთა კავშირის” ბედი საბოლოოდ 15 მაისს დაგეგმილ პარტიის ყრილობაზე უნდა გადაწყდეს.

 

Back to top button